ახალი ამბები

ნანა ტოხვაძე – ყოველი 100 მოსწავლიდან 77 მშიერი ესწრება გაკვეთილებს

„სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელი, ნანა ტოხვაძე სკოლებში უფასო კვების პროგრამის აუცილებლობაზე საუბრობს.

მისი თქმით, სკოლებში ყოველი 100 ბავშვიდან 77 მშიერი ესწრება გაკვეთილს, სახელმწიფო კი, უფასო კვების პროგრამის შემოსატანად არაფერს აკეთებს.

“ალბათ, ხშირად გხვდებათ თვალში სიტყვათა წყობა – „მშიერი ბავშვები სკოლაში“. დიახ, ეს რეალობაა, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ მშიერი ბავშვების ქვეყნად გვაქცია და დღემდე ვერ გამოძებნა მთავრობამ საჭირო სახსრები უფასო სასკოლო კვების პროგრამის დასანერგად. გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოში, UNICEF-ი 2019 წლიდან ინტენსიურად მუშაობს ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად.

განათლების მინისტრმა 2 წლის წინ საზეიმოდ გვამცნო, რომ ლოჯისტიკურ საკითხებზე აქტიურად მუშაობენ, მაგრამ მხოლოდ მომავალ დროში გაცხადებული დამაიმედებელი პოზიციების იმედად ვართ დღესაც. კიდევ რამდენ წელს უნდა იკვლიონ საჭიროების საკითხი? სამოქალაქო სექტორის მიერ დათვლილი და დაანგარიშებული ყრუ და ბრმა ხელისუფალთა გარჯის გარეშე, მაგრამ აღსრულების პასუხისმგებლობა ხომ ხელისუფლებაზეა?!

საინტერესოა, ავტოპარკების განახლების, ულიმიტო საწვავის, პრემიის, დანამატის, მივლინების, ფბ რეკლამირების, გამოგონილი სსიპ-ების, უფუნქციო ა(ა)იპ-ების, სახალხო ზეიმებისა და კონცერტებისთვის ხომ გვაქვს ბიუჯეტი?! სამშობლოს სიყვარული, პატრიოტიზმი და სახელმწიფოზე მზრუნველი, პასუხისმგებლიანი მოქალაქის აღზრდა გულზე მჯიღის ცემითა და მხოლოდ ჰეროიკულ მოტივებზე შექმნილი ლიტერატურითა თუ ისტორიებით ვერ მიიღწევა!! ზრუნვას მაგალითის მიცემა სჭირდება, რის მაგალითადაც თქვენ აშკარად ვერ გამოდგებით!

დღევანდელ სოციალ-ეკონომიკურ პირობებში, სადაც ყოველ მესამე მოქალაქეს ოჯახისთვის საკვების შესაძენად ფული არ ყოფნის, რა გასაკვირია, რომ ყოველი 100 მოსწავლიდან 77 მშიერი ესწრება გაკვეთილებს. გულის წასვლის მოხშირებულ შემთხვევებზე რატომ არავინ უსმენს მასწავლებლებს? რომელ განათლების მიღებაზეა საუბარი, როცა ბავშვს შიმშილით მუცელი ეწვის. იცით ვინ არიან ეს ბავშვები? ისინი იმ ქვეყნის მოქალაქეების შვილები არიან, სადაც:

ოფიციალური სტატისტიკით 650 000 სოციალურად დაუცველი ცხოვრობს და მათ შორის 235 000 -ზე მეტია არასრულწლოვანია; სადაც უმუშევრობის მაჩვენებელი უსწრებს დასაქმებულთა მაჩვენებელს; სადაც ბაღის, ბიბლიოთეკის, სკოლის ადმინისტრაციის,დამლაგებლის, სამუსიკო და სახელოვნებო სკოლების მასწავლებლების, ექთნების, სანიტრების, სასწრაფოს ექიმების და კიდევ ვინ მოთვლის რამდენი პროფესიის ადამიანის ხელფასი არ სცდება 300-400 ლარს. ზოგ შემთხვევაში, საარსებო მინიმუმზე დაბალია.

რადგან მთავრობა და მისი მესვეურები პრიორიტეტებს ვერ ალაგებენ, საზოგადოების მოქმედების ჯერი დგება. ჰოდა, მთავარია, გავიაზროთ, რომ ხმის ამოღება და ამ პრობლემაზე შესაბამისი მოთხოვნების დაყენება გვეხება ყველას – პარტიულსაც და უპარტიოსაც, ყველას, ვისაც ქვეყნის მომავალზე გული შეგვტკივა”,-განაცხადა ნანა ტოხვაძემ.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” პრესსამსახური ავრცელებს.