საგარეჯო-ბადიაურის 17 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობაზე ხელშეკრულება გაფორმდა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეს, კახეთის მაგისტრალური გზის შემადგენელ საგარეჯო-ბადიაურის 17 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ თურქულ კომპანია Gocay Insaat Taahhut ve Ticaret Anonim Sirketi-თან ხელშეკრულება გაფორმდა.
მათი ცნობით, პროექტის ფარგლებში, აშენდება ახალი სატრანსპორტო კვანძი სოფელ ბადიაურთან, 4 ხიდი, 8 გზაგამტარი და 86 წყალგამტარი მილი. პროექტით, ასევე, გათვალისწინებულია საპროექტო მონაკვეთის მიმდებარედ არსებული ადგილობრივი საგზაო ქსელის გაუმჯობესება და მისი აღნიშნულ მონაკვეთთან დაკავშირება.
„საგარეჯო-ბადიაურის 4 ზოლიანი საავტომობილო გზის მონაკვეთი კახეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია. მაგისტრალის მშენებლობის ფარგლებში, სამშენებლო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს ყველაზე მნიშვნელოვან, 35 კმ-იან მონაკვეთზე, რომელიც თბილისიდან საგარეჯომდე ჩადის და 3 მონაკვეთად შენდება: ვაზიანის შემოვლითი გზა, ვაზიანი-საგარეჯოს მონაკვეთი და საგარეჯოს შემოვლითი გზა. ვაზიანის შემოვლითი გზის მშენებლობის დასრულება 2023 წელს, ხოლო დანარჩენი ორი მონაკვეთის – 2024 წელს იგეგმება. პროექტით გათვალისწინებულია 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის გარე განათების სისტემით აღჭურვილი ჩქაროსნული გზის მშენებლობა, რაც, საერთაშორისო საგზაო უსაფრთხოების ნორმების დაცვით, 110 კმ საათში გადაადგილების საშუალებას მოგვცემს.
სამუშაოები ასევე მიმდინარეობს ბაკურციხე-წნორის 16.6 კმ-იან მონაკვეთზე, ხოლო გურჯაანის შემოვლითი გზის 15 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა დასრულებულია.
საგარეჯო-ბადიაურის 17 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის პროექტი მსოფლიო ბანკის (WB) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი საერთო ღირებულება 276.7 მილიონი ლარია. სამუშაოების დასრულება 2025 წლისთვის იგეგმება“,– აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.