მარცვლოვანი მცენარეებისთვის ცეცხლის წაკიდებაზე ჯარიმა დაწესდება
მიწის ნაკვეთზე არსებული მარცვლოვანი მცენარეებისთვის (მათ შორის მათი ნაწვერალისთვის) ცეცხლის წაკიდებისათვის საჯარიმო სანქცია დაწესდება.
ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ განხორციელდება. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებით გეგმაშია ნათქვამი, რომელიც პარლამენტს წარედგინა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებულ ცვლილებებზე საკანონმდებლო ორგანო საგაზაფხულო სესიაზე იმსჯელებს.
„საჯარიმო სანქციის შემოღების საჭიროება გამომდინარეობს იმ გარემოებიდან, რომ სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მესაკუთრე/მფლობელი, მოსავლის აღების შემდგომ ახდენს მიწის ნაკვეთზე დარჩენილი ნაწვერალისთვის ცეცხლის წაკიდებას მისი დაწვის მიზნით, რაც დიდ ზიანს აყენებს როგორც ნიადაგს, ასევე გარემოს.
არსებობს მიმდებარე ნაკვეთებზე, მინდვრებზე, ტყეებზე ან დასახლებულ პუნქტებზე ხანძრის გავრცელების ძალიან დიდი ალბათობა, რამაც შესაძლებელია, შეუქცევადი შედეგები გამოიღოს. შესაბამისად, მიზანშეწონილია ასეთი ქმედებისათვის არსებობდეს შემაკავებელი ეფექტის მქონე ადმინისტრაციული ჯარიმა“, – ნათქვამია დოკუმენტში.