მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ სირიასა და თურქეთში 4300-ს გადააჭარბა
4300-ზე მეტი დაღუპული, 17000-ზე მეტი დაშავებული, მიწასთან გასწორებული ქალაქები-, ეს ციფრები თურქეთ-სირიის დამანგრეველი მიწისძვრის შედეგია. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აცხადებს, რომ არის საშიშროება მსხვერპლთა რაოდენობა კიდევ რვაჯერ გაიზარდოს, ვინაიდან უამრავი ადამიანი ნანგრევებშია მოყოლილი.
თურქეთში სამაშველო ღონისძიებებში საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოც ჩაერთო, სტიქიის ზონაში მაშველები და შესაბამისი ტექნიკა გაგზავნა.
მსოფლიოს არაერთი ქვეყანა თურქეთში მაშველებს და დახმარებას გზავნის, მათ შორის არიან იაპონია, ავსტრალია, სამხრეთ კორეა, აშშ, ისრაელი და ევროკავშირის ქვეყნები.
თურქეთის პრეზიდენტმა შვიდდღიანი გლოვა გამოაცხადა. შეგახსენებთ, გუშინ თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში რამდენიმე ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რომელთა სიმძლავრემ 7.8 და 7.5 მაგნიტუდა შეადგინა. მათ შორის ბოლო მიწისძვრა დღეს დილით ადრე მოხდა, რომლის სიმძლავრეც 5.5 მაგნიტუდა იყო.