რა გამოწვევებია კახეთში პროფესიული განათლების კუთხით
ასოციაციამ “სოციალური ქოლგა”, პროექტის – „პროფესიული განათლება – პერსპექტივები კახეთის რეგიონის და ქვეყნის მასშტაბით“ ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგების პრეზენტაცია გამართა.
შედეგების პრეზენტაცია პროფესიულ კოლეჯ “პრესტიჟში” გაიმართა. ღონისძიების მიზანი ასოციაცია “სოციალური ქოლგას” მიერ განხორციეებული პროექტის – „პროფესიული განათლება – პერსპექტივები კახეთის რეგიონის და ქვეყნის მასშტაბით“ შედეგების გაცნობა გაცნობა იყო.
პრეზენტაციას ადგილობრივი თვითმმართველობის, განათლების სამინისტროს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, ასევე კვლევაში მონაწილე კერძო ბიზნესისა და პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლები და პროფესიული განათლების ექსპერტები ესწრებოდნენ.
პროექტის მიზანი პროფესიული განათლების შესაბამისობის დადგენა ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებთან და გაუმჯობესების ხელშეწყობა იყო. პროექტის ფარგლებში კახეთის რეგიონში არსებული სიტუაციისა და ტენდენციების შესწავლის მიზნით სამაგიდო და თვისობრივი კვლევა ჩატარდა. კვლევის მიზანს წარმოადგენდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი პრიორიტეტული პუნქტის – პროფესიული განათლების სფეროში ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შეფასება.
კვლევის შედეგებზე დაყრდნობით მომზადდა მონიტორინგის და ადვოკატირების დოკუმენტი -ანგარიში პროფესული განათლების შესახებ რეგიონულ დონეზე. აღნიშნული ანგარიშის მიხედვით გამოვლინდა სხვადასხვა გამოწვევა, მათ შორის: ტრანსპორტირების პრობლემები; პროფესიულ სასწავლებლებში საერთო საცხოვრებლის საჭიროება; მუნიციპალიტეტებში პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა; ოჯახური პირობების გამო სწავლის მიტოვების მაღალი მაჩვენებელი ქალების/გოგონების მხრიდან (მაგალითად: მცირეწლოვანი ბვშვები, საოჯახო საქმეები); დაინტერესებულ მხარეებს შორის კომუნიკაციის პრობლემები; პროფესიული განათლების პრესტიჟულობის დაბალი დონე და ა.შ
ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, მიუხედავად მიღწეული წარმატებებისა, კვლევის შედეგების მიხედვით, კვლავ რჩება გამოწვევები პროფესიული განათლების სფეროში, რომელსაც საქართველომ უნდა უპასუხოს, რათა ხელი შეუწყოს ქვეყანაში სიღარიბის პრობლემის დაძლევასა და ძლიერი დასაქმების ბაზრის შექმნას.