რა მნიშვნელობა აქვს ქართული თიხის განვითარებას
საქართველოში კერამიკის ისტორია უხსოვარი დროიდან იღებს სათავეს. უძველესი დროიდან, თიხის ჭურჭელი საოჯახო ყოფის ერთ-ერთ უმთავრესი ელემენტია.
ენეოლითის ხანიდან მოყოლებული კერამიკამ განვითარების რთული გზა განვლო. ტექნიკის განვითარებას თან ახლდა ფორმების, ფერებისა და მხატვრულად გაფორმების ხანგრძლივი ცონდა და გამოცდილების დაგროვება. ისტორიული წყაროების მიხედვით, ძველი წელთაღრიცხვის დასასრულისთვის საქართველოში ფართოდ იყო გავრცელებული მევენახეობა-მეღვინეობასთან, მემინდვრეობა, მესაქონლეობასა და მშენებლობასთან დაკავშირებული სამეთუნეო დარგები, რომელთა განვითარების უწყვეტობა დღევანდლამდის მოიტანა ქართულმა ხალხურმა კერამიკულმა წარმოებამ.
მეთუნეობის ტექნიკა თანდათან ვითარდებოდა. თავდაპირველად ხელით ნაძერწი თიხის ჭურჭელი ღია ცეცხლზე იწვებოდა, შემდეგ გაჩნდა სამეთუნეო იარაღი – მორგვი, რაზედაც ჭურჭელი კეთდება. ჩარხის გაჩენამ საკმაოდ შეამსუბუქა ხელოსნის შრომა, კერამიკული წარმოება ქალიდან მამაკაცის ხელში გადავიდა. ჩარხმა მეთუნეობა კაცობრიობის ისტორიაში პირველ მექანიზებულ დარგად აქცია. კახეთში თიხის ჭურჭელის დამზადების კერები იყო ქიზიყში – ბოდბისხევი, ანაგა, ვაქირი; ასევე ნინოწმინდასა და კაკაბეთში, თელავში- რუისპირი, იყალთო, ველისციხე.
წლების გასვლასთან ერთად, მეთუნეობა, თიხის მოპოვება, კერამიკის ნივთების თუ სხვა საგნების დამზადება ნაკლებად პოპულარული გახდა. დღეისთვის კი, კახეთის რეგიონში რამდენიმე მეთუნე ან კერამიკოსი თუ მოიძებნება, რომლებიც სამკაულებს და სხვადასხვა სახის ნივთებს, ადგილზე მოპოვებული თიხით ახერხებენ.
კახეთში მომუშავე მეთუნეები და კერამიკოსები აცხადებენ, რომ ასეთი დიდი ისტორიის მქონე მიმართულება, დღეს უყურადღებოდ არის დატოვილი და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქართული თიხის პოპულარიზაცია და განვითარება მოხდეს.
თელავში მცხოვრები პედაგოგი, ხელოვანი და კერამიკოსი ნინო სიდამონიძე კერამიკის ნივთების გაკეთებით წლებია დაინტერესებულია. მისი თქმით, თავდაპირველად ხატავდა, შემდეგ დაინტერესდა დიზაინით. ამჟამად კი ცდილობს ძალები ქართულ კერამიკაში მოსინჯოს. ის სხვადასხვა სახის ნაკეთობებს ქმნის.
,,10 წელია რაც ხელოვნებაში ვარ. ბოლო 3 წელი კი თიხით ვმუშაობ. მანამდე ვხატავდი ტუშით და ასევე დაინტერესებული ვიყავი, ღვინის ეტიკეტის დიზაინით. თიხას თვითონ მოვიპოვებ თელავის ტყეში, მომაქვს, ვამუშავებ და ვქმნი სხვადასხვა სახის ნივთებს. ვამზადებ სამკაულებს, აქსესუარებს, ჭურჭელს და სხვა. ყველა ნივთს ჩემი დიზაინით და დიდი სიყვარულით ვქმნი. როდესაც ვამზადებ, ჯერ არ ვიცი როგორი დიზაინი ექნება. მუშაობისას მოდის იდეა თუ როგორი უნდა იყოს.
სურვილი მაქვს, რომ ჩემმა შექმნილმა ნივთებმა მომხმარებლის გული მოიგოს. რეალიზაციაას რაც შეეხება არ დამიწყია, ჯერ შევისწავლე ბაზარი, დავაკვირდი რა მოსწონს მომხმარებელს, რაზეა მეტი მოთხოვნა და აღმოჩნდა, რომ სამკაულებით უფრო მეტად არიან დაინტერესებული. ამიტომ დავაგროვე ნივთები და ვიწყებ ჩემი ნამუშევრების გაყიდვას”,– აცხადებს ნინო Knews.ge-სთან საუბრისას.
მისი თქმით, აუცილებელია ქართული თიხის განვითარება და ზოგადად ამ დარგის გაძლიერება მოხდეს. ნინო ამბობს, რომ ამას ქართველი კერამიკოსებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
,,თიხას მე თელავში, კონკრეტულად, ზუზუმბოს ტყიდან მოვიპოვებ. თავად მივდივარ, მომაქვს და ვამუშავებ. ეს საკმაოდ შრომატევადი საქმეა. მოპოვებული მასალა ორჯერ უნდა გაიცრას, შემდეგ მოიზილოს. პირობითად, 20 სამკაულის დამზადებას ჭირდება 3 დღე, რომ გამოშრეს და ჰქონდეს სრულყოფილი სახე. ძალიან მინდა ქართულმა თიხამ პოპულარობა მოიპოვოს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ქვეყნისთვის და ჩვენთვის, რომლებიც ამ საქმით ვართ დაკავებული. ქართული თიხა მარტო ფიალა, დოქი ან კეცი არ არის. მინდა რომ ის სხვანაირ ხედვაში წარმოვადგინო.უფრო მეტად დავაინტერესო, როგორც ქართველები, ასევე უცხოელები. ქართულმა თიხამ უნდა თქვას თავისი სათქმელი მსოფლიოში. ჩემი მეგობრების დახმარებით ვგზავნი ჩემს ნამუშევრებს ინგლისში, იტალიასა და გერმანიაში. სამომავლოდ ამერიკაში გაგზავნასაც ვგეგმავთ. ეს არ არის მარტივი პროცესი, რთულია და ამას დრო სჭირდება. რაც მთავარია, როცა ტურისტი მოვა და იყიდის ნივთს და წაიღებს თავის ქვეყანაში, ეს ერთის მხრივ ამ მიმართულების პოპულარიზაციას უწყობს ხელს.”
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში მცხოვრები რამაზ გახუტაშვილი, რამდენიმე ათეული წელია თიხისგან სხვადასხვა სახის ჭურჭელს ამზადებს. მან საქმიანობა 1991 წლიდან დაიწყო და დღემდე რამოდენიმე ასეული ნივთი აქვს გამოძერწილი. მისი განცხადებით, თიხაზე მუშაობა საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლოა, თუმცა თავისი საქმე ძალიან უყვარს და მის გარეშე უჭირს.
,,ბავშვობიდან მომწონდა ხატვა, მის გარეშე ერთი წუთითაც არ შემეძლო. სანთლის შუქზეც კი ვხატავდი. სკოლა რომ დავამთავრე, მინდოდა ისეთი რამე მესწავლა საზოგადოებაში გამოვჩენილიყავი.
შემთხვევით შევედი იყალთოს აკადემიაში და დავინახე ჩემი მასწავლებელი თიხისაგან როგორ ძერწავდა ნივთებს. ძალიან დამაინტერესა და ერთი სული მქონდა ჩარხთან დავმჯდარიყავი. სწავლის დასრულების შემდეგ იქვე დამტოვეს სამუშაოდ, თან ბავშვებს ვასწავლიდი ამ ხელობას. მუშაობაში ნელ–ნელა დავიხვეწე. სასწავლებელი რომ დაიშალა სახლში გავაკეთე სახელოსნო, დავდგი დაზგა და ქურა და აქ დავიწყე მუშაობა. დღემდე ამ საქმით ვარ დაკავებული. ძირითადად ვამზადებ კახურ ტრადიციულ ჭურჭელს ქვევრებს, ხელადებს, ჩარექებს, კეცებს და სხვადსხვა სუვენირებს. თიხას ადგილზე მოვიპოვებ, ვამუშავებ, ვზელ, ფორმას ვაძლევ და ამის შემდეგ ნივთი საბოლოო სახეს გამოწვის შემდეგ იღებს. გამოწვა ყველაზე საპასუხისმგებლო საქმეა და ამას 34 საათი სჭირდება’’,– განუცხადა Knews.ge-ს რამაზ გახუტიშვილმა.
ხელოვანი ნამუშევრებს სახლის წინ მოწყობილ დახლზე ყიდის. ის ასევე მასპინძლობს ქართველი და უცხოელი ტურისტების ჯგუფებს და ნაკეთობებს ადგილზე ყიდის.
,,პროდუქციას სახლის წინ დახლი მაქვს და იქ ვყიდი. ასევე ტურისტების ჯგუფებზეც. სხვადასხვა დეკორატიულ ნაკეთობებზე შეკვეთებს ვიღებ მარნებისა და სასტუმროებიდან. გარდა ამისა, მაქვს კავშირი კომპანიებთან და ისინი მიგზავნიან ტურისტებს, მაქვს თიხაზე მუშაობის მასტერკლასები და მსურველები თავისი ხელით აკეთებენ ჭურჭელს.
გარდა ამისა, ბევრი შეკვეთა მაქნს სასტუმროებიდან, მარნებიდან. ასევე მოსახლეობა ადგილზე მოდის, ყიდულობს. ბოლო პერიოდია თიხის ნაკეთობებზე მოთხოვნა გაიზარდა. გარდა ამისა, მარტყოფში მოიპოვება თიხა, რომლითაც ვხატავ. ეს ბუნებრივი თიხაა, ყვითელი ფერის და გამოწვის შემდეგ წითლდება. ამით ვიგებ გამოწვის პროცესი რომ სრულდება’’,– განაცხადა რამაზ გახუტიშვილმა.
რამაზ გახუტიშვილი თიხაზე მუშაობას თავის ორ შვილსაც ასწავლის და ამბობს, რომ წინაპრებისგან გადმოცემული უძველესი ხელობა არ უნდა დაიკარგოს და მეტი ახალგაზრდა უნდა დაინტერესდეს მისით.
,, ხელშეწყობაა მთავარი, რომ პოპულარული იყოს თიხაც და მეთუნეობაც, როგორც პროფესია. მე ვცდილობ ეს ხელობა არ დაიკარგოს. ახმეტის მერიამ გახსნა სოფელ ზემო ხოდაშენში ჯგუფი და მყავს მოსწავლეები, ინტერესი დიდია და მათთანაც აქტიურად ვმუშაობ. ვამეცადინებ, ვასწავლი და ვცდილობ ახალ თაობას ინტერესი გავუჩინო ამ საქმის მიმართ. კარგი იქნება თუ შესაბამისი სამსახურები დაგვეხმარებიან, რომ მეთუნეობა პოპულარული გახდეს. გარდა ამისა, ვასწავლი კოლეჯში ახალგაზრდებს და მაქვს სახელოსნო, სადაც ასევე ვიღებ მოსწავლეებს. ვარდისუბნიდან და იყალთოდან მომაქვს თიხა. ვარდისუბანში მოპოვებული თიხა ცეცხლგამძლეა, რითიც ვამზადებ ქვევრებს, ლობიოს ქოთნებს, კეცებს, სადუღრებს. სამომავლოდ მაქვს გეგმა ავაშენო მისაღები სივრცე ტურისტებისთვის და შევთავაზო მათ მასტერკლასები და გავაცნო კახური ტრადიციები. მინდა გავაკეთო თონე, ტურისტებს შევთავაზო ხინკლის კეთება, პურის ცხობა, მწვადის შეწვა, ჩურჩხელის ამოვლება და სხვა.”