დღეიდან პენსია და სოციალური დახმარებები გაიზარდა
დღეიდან ყველა კატეგორიის პენსიონერთათვის პენსია და სოციალური დახმარებები გაიზარდა.
70 წლის და მეტი ასაკის მოქალაქეთა პენსია 365 ლარით განისაზღვრა. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში, თითქმის, 440 ლარს უტოლდება. 70 წლამდე პირთა პენსია განისაზღვრა 295 ლარით, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში ის 355 ლარს უტოლდება. პენსიონერების თქმით, მიუხედავად მომატებული თანხისა, პენსია მაინც არ აკმაყოფილებს მათ მოთხოვნებს.
,,როგორც ვიცი, საარსებო მინიმუმი დღეს 300 ლარამდეა. მისი გამოთვლა კი საანრსებო მინიმუმის მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით ხდება. კალათა კი 40 დასახელების ისეთი პროდუქტებისგან შედგება, როგორიცაა პური, ბურღულეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ბოსტნეული, საკონდიტრო ნაწარმი და სხვ. 295 ლარი გახდა ჩემი პენსია, ოჯახში 2 ვართ. მომატებული პენსია არ არის საკმარისი, რადგან სულ განსაზღვრული ხარჯი ხომ ვერ გექნება ადამიანს? ძალიან ბევრი რამ გვჭირდება“, – აცხადებს ლალი ბეჟანიშვილი.
,,ვისაც პენსია არ აქვს და უმუშევრები ვართ, მათ რა ვქნათ? ყოველდღიურად იზრდება პროდუქტებზე ფასები. 50 ლარით გაცილებით ნაკლები პროდუქტის თუ თავის მოვლის საშუალება მომდის, ვიდრე ვთქვათ 1 ან 2 თვის წინ“, – ამბობს ნელიკო ხუციშვილი.
გარდა პენსიისა, მკვეთრად გამოხატული შშმ პირების სოციალური გასაცემელი 65 ლარით , ხოლო დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა გასაცემელი _35 ლარით. გათვალისწინებულია, მიმდინარე წლის ივნისიდან, 150 ლარამდე გაზრდილი ბავშვთა სოციალური დახმარების სრული წლის დაფინანსება.
ასევე, ივლისიდან გათვალისწინებულია სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარების 50 ლარით ზრდა. რაც ერთ ბავშვზე 200 ლარის ოდენობით განისაზღვრება.
,,კარგი იქნებოდა, რომ იანვრიდან გაზრდილიყო სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარებაც. ძალიან ბევრი ხარჯია საჭირო. ვერ ვიტყვი რომ 200 ლარი ყველა ხარჯს დაფარავს, მაგრამ გარკვეული სახის დანახარჯს აანაზღაურებს. ფასებმა და ხარჯებმა რეალობას გადააჭარბა“, – განაცხადა ლია ზარნაძემ.
2023 წლის ბიუჯეტი, ასევე, ითვალისწინებს ცვლილებებს ე.წ. დეკრეტულ შვებულებებთან დაკავშირებით. კერძოდ, სკოლის მასწავლებლები დეკრეტული შვებულების დროს სრულ ხელფასს მიიღებენ, ხოლო კერძო სექტორში დასაქმებულების განსაზღვრული დახმარება გაორმაგდება და 1000 ლარის ნაცვლად, 2000 ლარი იქნება.