დედოფლისწყაროში წარმოებული ,,სადილი” ექსპორტზე აზერბაიჯანში გავა
დედოფლისწყაროში წარმოებული დაკონსერვებული „სადილი“ 2023 წლიდან ექსპორტზე აზერბაიჯანში გავა.
კომპანიის მარკეტინგის კონსულტანტი ამიკო კალანდია აცხადებს, რომ გასულ წელს კომპანიამ „სადილის“ წარმადობა 20%-ით 500 000 ქილამდე გაზარდა, რაც მწარმოებელს როგორც ადგილობრივ ბაზარზე არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილების, ასევე მზა პროდუქტის ექსპორტზე გატანის შესაძლებლობას მისცა.
„მაისში აზერბაიჯანში გამართულ გამოფენა Agrofood-ზე მივიღეთ მონაწილეობა, სადაც სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით წავედით. იქ მოქმედი მსხვილი საცალო ქსელების წარმომადგენლები გავიცანით. პირველი პარტიები 100 000 ქილის მოცულობით აზერბაიჯანში იანვარში გაიგზავნება, ხოლო 2023 წლის ბოლოსთვის კონკრეტულად აზერბაიჯანის მიმართულებით ჯამში 200 000-მდე ქილის რეალიზება გვინდა“, – აღნიშნა ამირან კალანდიამ და დასძინა, რომ მეზობელ ქვეყანაში 5 დასახელების პროდუქტი გავა – მოშუშული ხორცი სხვადასხვა შეფუთვებით და ოსტრი.
გარდა ამისა, წელს ქართული „სადილით“ უკრაინის ჯარის მომარაგებაც მოხდა. მოკლევადიანი პარტნიორობა ნაწილობრივ საქველმოქმედო იყო.
აღსანიშნია, რომ 2022 წელს „ჯეონატურალსმა“ 414 000 ქილა დაკონსერვებული „სადილი“ აწარმოა, თუმცა კომპანიის 2023 წლის გეგმებში წარმადობის გაოთხმაგება შედის, რაც ადგილობრივ ბაზარზე პროდუქტის რეალიზების ზრდასთან ერთად, ექსპორტის გააქტიურებასაც მოიცავს. 2016 წლიდან დღემდე „ჯეონატურალსმა“ დედოფლისწყაროში საწარმოს ამოქმედებასა და განვითარებაში ჯამში 5 მლნ ლარის ინვესტიცია ჩადო. აღსანიშნია, რომ „სადილის“ პროდუქტებით ქართული ჯარიც მარაგდება.