თელავის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა ბარათით იქნება შესაძლებელი
თელავის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა ბარათით იქნება შესაძლებელი.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 2023 წლის 16 იანვრიდან კი მგზავრობის საფასურის გადახდა სავალდებულო გახდება, ამოქმედდება კონტროლიორების სისტემაც.
,,მგზავრობის საფასურის გადახდისას შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც თიბისის ნებისმიერი საკრედიტო/სადებეტო ბარათი, ისე სატრანსპორტო ბარათი. სატრანსპორტო ბარათის აღება შესაძლებელია თიბისის თელავის ფილიალში (მის: ქ.თელავი, რუსთაველის 27), სატრანსპორტო ბარათის აღებას ასევე შეძლებთ სპარის მაღაზიათა ქსელში. ბარათის ღირებულება შეადგენს 2 ლარს და მისი შევსება თიბისი ფეის სწრაფი გადახდის აპარატებიდან არის შესაძლებელი.
2023 წლის 16 იანვრიდან შეღავათით მოსარგებლე პირებს მგზავრობის საფასურის გადახდა შეეძლებათ პერსონიფიცირებული სატრანსპორტო ბარათების გამოყენებით, რომელიც უსასყიდლოდ გადაეცემათ.
შეგახსენებთ, მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობის შეღავათიანი ტარიფის მისაღებად მოქალაქეთა რეგისტრაცია გრძელდება. თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 მაისის N11 დადგენილებით მგზავრობის საფასური განისაზღვრა 1 (ერთი) ლარით, ხოლო 50%-იანი
შეღავათით სარგებლობის უფლება მიენიჭა შემდეგ კატეგორიას: პენსიონერები; იძულებით გადაადგილებული პირები – დევნილები;ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები; სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს; სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000 -ს; სოციალურად დაუცველი მარჩენალდაკარგული პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000 -ს; სოციალურად დაუცველი მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირები, რომელთა
სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000 -ს; ა(ა)იპ „თელავის მუნიციპალიტეტის უმწეოთა და უპოვართა სამსახურის“ ბენეფიციარები; თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული საჯარო სკოლების მოსწავლეები; თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ავტორიზებული
უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები. რეგისტრაციას არ საჭიროებენ მოსწავლეები და სტუდენტები”,– აცხადებენ თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში.