გურჯაანში, სილამაზის სალონების მონიტორინგი მიმდინარეობს
საზოგადოებრივი მნიშვნელობის ობიექტებში ინფექციური კონტროლის მიმართულებით არსებული ვითარების შემოწმება-შეფასების მიზნით, გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური, როგორც უფლებამოსილი ორგანო, აქტიურ ზედამხედველობას ახორციელებს მუნიციპალურ ტერიტორიაზე არსებულ სილამაზის სალონებში.
გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული უფლებამოსილება C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში შემუშავებული საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის N 473 დადგენილებით განისაზღვრა და ესთეტიკური საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნათა შესაბამისობას აფასებს.
,,ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს სალონების აღრიცხვა-პასპორტიზაცია, სულ მუნიციპალიტეტში 100-ზე მეტი ამ საქმიანობის მწარმოებელი პროვაიდერი აღირიცხა, რომელთაც მიეცათ რეკომენდაცია ეკონომიკური საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გასაახლებლად, ხოლო შერჩევითი კონტროლი-მონიტორინგის განხორციელება დაიწყება უახლოეს პერიოდში ინფექციური დაავადების გავრცელებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით”,-აცხადებენ გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურში.