ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

გაიცანით თელაველი ნინი მაისურაძე, რომელიც ებოქსიდისა და თხევადი პლასტიკისგან სუვენირებს ამზადებს

თელავში მცხოვრებმა ახალგაზრდამ, ნინი მაისურაძემ, დეკორატიული და სურნელოვანი სანთლების დამზადება დაიწყო.

ის ნამუშევრების შესაქმნელად ებოქსიდს და თხევად პლასტიკს იყენებს. ახალგაზრდა ამბობს, რომ აღნიშნული მიმართულებით საქმიანობის დაწყების სურვილი პატარაობიდან ჰქონდა.

ნინი რამდენიმე დთის წინ იდეათონის გამარჯვებული გახდა. მან სამეწარმეო ლაბორატორიის ფარგლებში გაიარა ტრენინგ პროგრამა მეწარმეობაში, ისწავლა ბიზნეს პროექტების წერა, პრეზენტაციის მომზადება, ფიჩინგი და საბოლოო ეტაპზე მან შეძლო დაფინანსების მოპოვება საკუთარი ბიზნეს იდეისთვის.

,,ნოემბერში სამეწარმეო ლაბორატორიის დახმარებოთ გავიარე ტრენინგ-კურსი მეწარმეობაზე, რომლის ფარგლებში იდეების კონკურსში მივიღე მონაწილეობა და ჩემი იდეა დაფინანსდა.
აღნიშნული საქმიანობის დაწყების სურვილი ბავშვობიდან მქონდა, თუმცა სურვილის უკვე ბიზნესად ქცევის იდეა წამოვიდა პანდემიის პერიოდში. თავიდან ქვის სხვადასხვა მასალით მოხატვა დავიწყე, შემდგომ გადავედი ფოთლების მოხატვასა და გაფორმებაზე. გარდა ამისა, მე ყოველთვის მჩუქნიდნენ დეკორატიულ სანთლებს და მინდოდა მეც მესწავლა როგორ მზადდებოდა. მინდოდა ლამაზი სუვენირები მეც გამეკეთებინა, რომ სხვებიც გამეხარებინა. სხვების დამზადებული ნივთების ყიდვას ვერ ვახერხებდი, რადგან იყო ძალიან ძვირი. ამიტომ მეც დავიწყე ეს საქმიანობა და ნებისმიერ ადამიანს, ვისაც მოსწონს მსგავსი ნამუშევრები, აქვს შესაძლებლობა შედარებით იაფად იყიდოს სასურველი სანთელი”,-
განუცხადა Knews.ge-ს ნინი მაისურაძემ.

,,გააცოცხლე და შექმენი სილამაზე”, ნინიმ ასე უწოდა საკუთარ ბიზნეს იდეას და იგი მალე ბაზარზე გაყიდის საკუთარი ხელით შექმნილ დეკორატიულ და სურნელოვან სანთლებს, ასევე ებოქსიდის და თხევადი პლასტიკისგან შექმნილ სუვენირებს.

,,ჩემი იდეა ემსახურება იმას, რომ დავამზადო სურნელოვანი და დეკორატიული სანთლები და სხვადასხვა ნივთები ებოქსიდისგან. ბოქსიდი გამჭვირვალეა და შესაძლებლობას გვაძლევს, სასურველი ნივთი სხვა მასალით გავაფორმოთ. მისგან შეიძლება დამზადდეს ჭიქა, საფერფლე, ჭიქის დასადები და სხვა ნივთები”,- აცხადებს ნინი.

მისი თქმით, მალე ის საკუთარ ნივთებს ონლაინ, სოციალური ქსელის საშუალებით გაყიდის.

,,რაც შეეხება გაყიდვებს, შევქმენი გვერდი ფეისბუქში ,,ხელნაკეთი დეკორაციები” და ნამუშევრის ფოტოებს იქ დავდებ. ამ დროისთვის ნივთების შეძენა შეიძლება ონლაინ. გარდა ამისა, ასევე გვაქვს ინსტაგრამ გვერდიც.”