ახალი ამბები

რამდენი დაიხარჯება თელავში საახალწლო განათებებსა და ღონისძიებებზე

თელავში საახალწლო ღონისძიებებსა და განათებებზე 500 000 ლარამდე თანხა დაიხარჯება.

არსებული ინფორმაციით, საახალწლო ღონისძიებებზე ცენტრალური ბიუჯეტიდან 300 000 ლარი, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტიდან 200 000 ლარი დაიხარჯება, რომელიც ქალაქში საზეიმო განათებების მონტაჟს მოხმარდება.
აღნიშნულ საკითხზე თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგგარეშე სხდომა გამართა. 2022 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა, რომლის ძირითადი მოტივი იყო ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, საახალწლო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, თანხის მობილიზება. მთავარ საფინანსო დოკუმენტში ცვლილებების განხორციელებას ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა.

ნაციონალური მოძრაობიდან საკრებულოს წევრი გიგი გიგიტელაშვილი აცხადებს, რომ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ამხელა თანხის საახალწლო ღონისძიებებზე დახარჯვა არაგონივრული ნაბიჯია.

,,თელავის მუნიციპალიტეტში საახალწლო ღონისიებების აღსანიშნავად თითქმის ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯება. აქედან ცენტრალურმა ხელისუფლებამ 300 000 ლარი გამოყო, რომელიც საახალწლო ღონისძიებებს და კონცერტის ჩატარებას უნდა მოხმარდეს. რაც შეეხება 200 000 ლარს, თანხა გამოყო ადგილობრივმა თვითმმართველობამ ბიუჯეტიდან და ამით მოხდა საახალწლო განათებების შეძენა. გარდა ამისა, ძველი ნაძვის ხის რესტავრაციაში დაიხაჯრება 82 000 ლარი. ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როცა ნაძვის ხე ახალი ნაყიდია. ამხელა თანხის დახარჯვა წარმოუდგენელია მხოლოდ რესტავრაციაში.

მაშინ როდესაც ქვეყანაში უმძიმესი სოციალურ -ეკონომიკური მდგომარეობაა და ქალაქში არ არის წყალი, მოშლილია მთლიანად ინფრასტრუქტურა, ნახევარი მილიონი უნდა დავხარჯოთ ახალი წლისთვის. ეს ჩემთვის ყოვლად მიუღებელი და არაგონივრულია.
მე იმას არ ვამბობ, რომ არ უნდა აღვნიშნოთ ახალი წელი, მაგრამ შეგვეძლო ბევრად უფრო მოკრძალებულად ჩაგვეტარებინა და ნაკლები დაგვეხარჯა. ამ თანხით კი დავხმარებოდით სოციალურად დაუცველებს. გარდა ამისა, მე ამ საკითხში კორუფციის ნიშნებს ვხედავ. ჩემი აზრით, ეს თანხები წავა კონკრეტული პირების ჯიბეში და ასევე_ქართული ოცნების მეხოტბე მომღერლებთან. გონივრული ეჭვი მიჩნდება კორუფციის, რომ ხელშეკრულებები დაიდება ტენდერების გარეშე გამარტივებული წესით, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, რაც ცალსახად მიგვანიშნებს იმაზე, რომ ხელშეკრულებებს დაუდებენ ხელისუფლებასთან დაახლოვებულ კომპანიებს
“,-განუცხადა knews.ge-ს გიგი გიგიტელაშვილმა.

თვითმმართველობის გადაწყვეტილებას უარყოფითად აფასებენ სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. ლეიბორისტული პარტიის კახეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ ვარდოშვილი აცხადებს, რომ აღნიშნული თანხით, სოციალურად დაუცველთა დასახმარებლად, სხვა სახის ღონისძიებები უნდა განხორციელებულიყო. მისი თქმით, მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნებოდა გამართლებული საახალწლოდ აღნიშნული ოდენობის თანხის გადახდა.

,,ამ თანხით ბევრი სხვა საქმის გაკეთება შეიძლებოდა. მაგალითად: საკრებულოს წინა სხდომაზე გააუქმეს პროგრამა, რომელიც წლები მუშაობდა და ითვალისწინებდა უკიდურესად გაჭირვებული სოციალურად დაუცველი მოქალაქეების შეშით დახმარებას. ეს გააუქმეს იმ მიზეზით, რომ ბიუჯეტში ფული არ არისო. ამას რომ აუქმებ და საახალწლო ღონისძიებებში ხარჯავ ნახევარ მილიონ ლარს, არაგონივრულია. თან ეს ხდება იმ ქვეყანაში, სადაც მთელი სოფლები, ქალაქები დაცლილია და მიგრაციაშია წასული ხალხი და ეს რიცხვი რეკორდულ მაჩვენებელზეა. ვის უტარებენ კონცერტებს ხალხი აღარ არის ქვეყანაში. ან რა გვეზეიმება?
ჩემი აზრით, წარმოუდგენელია ერთი მუნიციპალიტეტი ახალი წლისთვის ხარჯავდეს ამხელა თანხას. ეს ფული შეიძლება ბევრ სხვა საქმეს მოხმარებოდა. მაგალითად იმას, რომ გაჭირვებული ადამიანებისთვის თუნდაც ერთი ქათამი ან რამე მიეცათ, რომ ახალ წელს არ იყვნენ მშივრები. ვის რად უნდა მოედანზე დაკიდებული განათებები?ეს არის მავნებლობა და დანაშაული მუნიციპალიტეტის და ხალხის წინაშე”
,-განაცხადა knews.ge-სთან საუბრისას ნიკოლოზ ვარდოშვილმა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ გამოყოფილი თანხები, თელავის საახალწლოდ მორთვას და მასშტაბური ღონისძიებების ჩატარებას მოხმარდება.

,,თელავში საახალწლო განათებების მონტაჟი უკვე მიმდინარეობს. რაც შეეხება ღონისძიებებს, მინდა აღვნიშნო, რომ ეს გაიმართება საქართველოს მთავრობის ინიციატივით და მხარდაჭერით. ამის ფარგლებში, მოეწყობა საბავშვო გასართობი სივრცეები, საბავშვო ბაზრობები, გამოფენა- გაყიდვა, განთავსდება საახალწლო სახლები, სხვადასხვა ადგილას განთავსდება ფოტო გადასაღები ზონები და საახალწლო ინსტალაციები, ბავშვებს დაურიგდებათ სიმბოლური საჩუქრები, სათამაშოები, ტკბილეული, საღამო კი დასრულდება ფოიერვერკით. კულტურული ღონისძიებებისთვის დაახლოებით 300 000 ლარია გამოყოფილი. რა თქმა უნდა , წინა წლებთან შედარებით ეს დიდი თანხაა, თუმცა წელს უფრო ღირსეულად და მასშტაბურად შეხვდება თელავი ახალ წელს”,-განუცხადა knews.ge-ს თელავის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ნიკოლოზ მეტრეველმა.