ახალი ამბები

რა ტიპის ვირუსები ცირკულირებს კახეთის რეგიონში

ბოლო პერიოდში, კახეთის რეგიონში გრიპის და რესპირატორული ვირუსების გავრცელების რიცხვმა საგრძნობლად იმატა.

მაღალი სიცხე, ხველა, სურდო, სისუსტე, ციება- ეს იმ სიმპტომების მცირე ჩამონათვალია, რომელიც რესპირატორულ და სეზონურ გრიპებს ახასიათებს. სხვადასხვა დაწესებულებებში მომუშავე პირების უმეტესობის თქმით, ოჯახის წევრებმაც და მათაც ვირუსი გადაიტანეს. ისინი აღნიშნავენ, რომ გრიპის ვირუსი კორონავირუსისგან დიდად არ განსხვავდება და გაცილებით რთულად მიმდინარეობს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსი ნელი ხიზანიშვილი განმარტავს, რომ გრიპის და რესპირატორული ვირუსების პიკური პერიოდი დეკემბრის თვეშია მოსალოდნელი.

,,რეგიონში კოვიდის მხრივ სიტუაცია მშვიდი და სტამბილურია, როგორც ქვეყანაში, ასევე კახეთში. გვაქვს შემთხვევების ყოველკვირეული კლება. რაც შეეხება გავრცელებულ შტამებს, ბოლოს იყო ომიკრონის შვილობილი შტამები, რომელიც საქართველოში ცირკულირებდა. ახლა კი მსოფლიოში ცირკულირებს ომიკრონის შვილობილი შტამის ახალი შტამი. კახეთში არის თუ არა ეს ვირუსი გავრცელებული, ჯერ-ჯერობით, არ გვაქვს ინფორმაცია. რაც შეეხება ზოგად ეპიდსიტუაციას, გრიპის ვირუსებია გავრცელებული და ესენი იყო კოვიდამდე და მას შემდეგაც. კოვიდის დროს იყო რეკომენდაციები, შეზღუდვები და ამის გამო შემცირებული იყო წინა სეზონებზე გრიპის ვირუსით ინფიცირების რაოდენობა. ახლა კი გავრცელებულია სეზონური ვირუსები, რინოვირუსი, რესპირატორული ვირუსები, გაციებითი კორონავირუსები, გრიპი, პარაგრიპი, ენტეროვირუსი და სხვა. ეს არის მსუბუქად მიმდინარე რესპირატოული ვირუსები და მათი რიცხვი საგრძნობლად მომატებულია. ამის მიზეზი არის ის, რომ კორონას შემთხვევები შემცირებულია”,- განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

მისივე თქმით, ინფიცირების შემთხვევებიდან ამ დროისთვის ყველაზე მეტი პროცენტია რესპირატორული და რინოვირუსის ფაქტები. გრიპი კი ყველაზე მძიმედ მიმდინარე ვირუსია.
,,წელს გამოჩნდა A გრიპი და ეს მიმდინარე წელს თავისი ქვე სახეობებით იქნება დომინანტი. გვაქვს ორი პიკური პერიოდი: ერთი არის ხოლმე დეკემბრის მეორე ნახევარში და მეორე, შედარებით მცირე პიკი, თებერვალშია მოსალოდნელი. აღნიშნული სეზონური ვირუსით უმეტესად ინფიცირდებიან ბავშვები. ყველა ბავშვს, ვინც სამედიცინო დაწესებულებას მიმართავს, ჯერ უკეთდება კოვიდზე ტესტი და შემდეგ ხდება მკურნალობის დანიშვნა”,- განუცხადა knews.ge-ს ნელი ხიზანიშვილმა.