ბარბარე ჯორჯაძის სახელობის პრემიის ლაურეატი კახეთში 5 დეკემბერს გამოვლინდება
კახეთში ბარბარე ჯორჯაძის სახელობის პრემიის ლაურეატი გამოვლინდება.
პრემია კახეთის რეგიონული განვითარების ფონდმა 2021 წელს დააფუძნა და მისი მიზანია რეგიონში მომუშავე ქალთა უფლებადამცველების წახალისება მოხდეს.
კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის პროექტის მენეჯერი ნათია ალბორიშვილი აცხადებს, რომ მათი ძირითადი სამიზნე კახეთის რეგიონია და ამასთანავე ახმეტის მუნიციპალიტეტიც.
,,2021 წელს, ეს ჯილდო გადაეცა ქალთა უფლებების დამცველს, იდა ბახტურიუძეს. 2022 წლის დაჯილდოვება გაიმართება 5 დეკემბერს 12 საათზე, სადაც გამოვავლენთ 2022 წლის ბარბარე ჯორჯაძის სახელობის ახალ ლაურეატს.
ძირითადი ჩვენი კრიტერიუმია, რომ გამოვავლინოთ ქალები, რომლებიც ეხმარებიან სხვა ქალებს, რომ დაიცვან თავიაანთი უფლებები და იყვნენ სრულფასოვანი წევრები საზოგადოების. წლევანდელი ლაურეატის შერჩევის პროცესში ჩართული იყვნენ კახეთის რეგიონში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები. ჩვენ ვიკვლიეთ მათი იდეები და მოსაზრებები, თუ ვის მიიჩნევდნენ ისინი ყველაზე ღირსეულ კანდიდატად ჯილდოსთვის. კონსულტაციების შედეგად ჩვენ შევთანხმდით კანდიდატზე, რომელსაც გავაჟღერებთ 5 დეკემბერს.”