ახალი ამბები

3 წლის განმავლობაში არასრულწლოვანთან ქორწინების სავარაუდო დანაშაულზე 407 საქმეა აღძრული

კვლევის მიხედვით, რომელიც საქართველოში ბავშვთა ქორწინებასა და ბავშვთან ქორწინების მოტივით ჩადენილი დანაშაულის პრაქტიკას შეეხება, 2020-2022 წლებში ამ მინაართულებით სულ 407 საქმე აღიძრა.

2020 წელს არასრულწლოვანთან სავარაუდოდ ქორწინების მოტივით ჩადენილ 134 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო გამოძიება, 2021 წელს – 212 საქმეზე, ხოლო 2022 წლის 6 თვეში (1-ელი იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით) – დაახლოებით 61 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო გამოძიება.

კვლევის მიხედვით, შს სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი, ბავშვთა ქორწინების საკითხებზე ოფიციალურ ცალკე სტატისტიკას არ აწარმოებს.

თუმცა, როგორც კვლევაში წერია, სხვადასხვა პერიოდში, მათ შორის, 2020 წლის ჩათვლით, შსს ამუშავებდა და აქვეყნებდა მონაცემებს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე, 143-ე და 150-ე პრიმა მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების შესახებ, რომლებიც არასრულწლოვანთან ქორწინების მოტივით იყო ჩადენილი.

2020 წელს აღნიშნული დანაშაულის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 42 პირის მიმართ, გასულ წელს – 67 პირის მიმართ, ხოლო 2022 წელს, 6 თვეში – 44 პირის მიმართ.