სიღნაღში მომხდარ ავარიაზე, რომლის დროსაც ისტორიული თაღი განადგურდა, ახალი დეტალები ხდება ცნობილი
სიღნაღში მომხდარ ავარიაზე, რომლის დროსაც ისტორიული თაღი განადგურდა, ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
ისტორიულ გალავანს ტრაილერი შეეჯახა. შემთხვევა, წუხელ მოხდა. სატვირთო ავტომანქანას, რომელიც თბილისიდან ლაგოდეხის მიმართულებით მოძრაობდა, სავარაუდოდ, გზა აებნა და გალავნის თაღს შეეჯახა. ტრაილერს ირანის მოქალაქეები მართავდნენ.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის, მალხაზ ბეგიაშვილის ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში დასუფთავებისა და მასალის გადარჩევის პროცესი მიმდინარეობდა.
“თაღი ფაქტობრივად აღარ არსებობს. მთელი ღამე და დღეს ვმუშაობთ, დავასუფთავეთ და პარალელურად, ყველა ქვა და აგური, რომლითაც გალავნია აშენებული, გადავარჩიეთ. საქმის კურსშია ძეგლთა დაცვის სააგენტო და მათი ზედამხედველობით დაიწყება აღდგენის პროცესი”- განაცხადა ბეგიაშვილმა.
სიღნაღის ციხე-გალავანი ერთ-ერთი უდიდესი ისტორიული მნიშვნელობის ძეგლია. ისტორიკოების გადმოცემით, გალავანი 1762 წელს მეფე ერეკლე მეორეს გადაწყვეტილებით აშენდა. ციხე-გალავნის კედლებს 40 ჰა ფართობი უჭირავს. გალავნის სიგრძე 4 კილომეტრამდეა.