თელავის მერიამ შშმ პირებისთვის საპარკინგე ადგილზე მანქანის გაჩერებისთვის საშვების გაცემა დაიწყო
თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის სპეციალურად გამოყოფილ საპარკინგე ადგილებზე მანქანების გაჩერებისთვის საშვების გაცემა დაიწყო.
აღნიშნული საშვების დამუშავების ინიციატივით, თვითმმართველობას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლებმა, დავით მოსიაშვილმა და არასამთავრობო ორგანიზაცია შშმ პირთა მშობელთა კავშირის ,,ლამპარი” ხელმძღვანელმა ნინო მაისურაძემ მიმართეს. დავით მოსიაშვილის განცხადებით, თელავის მუნიციპალიტეტი არის კახეთში პირველი, სადაც მსგავსი სახის საშვების გაცემა ხდება.
მისივე თქმით, თელავში მცხოვრები შშმ პირები, სპეციალურად გამოყოფილ საპარკინგე ადგილებზე მანქანის გაჩერებას ვერ ახერხებენ, რადგან ადგილი ხშირად სხვების მიერ არის დაკავებული. დავით მოსიაშვილი ასევე განმარტავს, რომ საშვის გამოყენება მხოლოდ მაშინ ხდება, როცა საჭესთან ან მანქანაში შშმ პირია.
,,როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, შშმ პირები ცხოვრებაში უამრავ პრობლემას აწყდებიან და ერთ- ერთი სწორედ გადაადგილებას უკავშირდება და კონკრეტულად პარკირების უფლებას და შესაძლებლობას. პირად მაგალითზეც რომ ვთქვათ, მე როდესაც ვიმყოფები ბავშვთან ერთად და მივდივარ ხოლმე სარეაბილიტაციო ცენტრში კურსზე, ხშირად მიწევს, რომ ავტომობილი დავაყენო 500 მეტრის მოშორებით და ბავშვთან ერთად ფეხით გადავაადგილდე.
აქედან გამომდინარე, 1 წლის უკან, მე და ,,ლამპარის” ხელმძღვანელმა და ასევე შშმ პირის მშობელმა ნინო მაისურაძემ, დავიწყეთ ამ მიმართულებით მუშაობა. ვფიქრობდით როგორ მიგვეღწია იმისთვის, რომ აგვეღო სპეციალური საშვი, რომელიც მოგვცემდა შშმ პირებისთვის გამოყოფილ საპარკინგე ადგილზე მანქანის გაჩერების უფლებას. სწორედ იმ ადგილებზეა ხშირად გაჩერებული საშვის არ მქონე მანქანები და ეს დიდ პრობლემას წარმოადგენს. მოვიძიეთ ამ საკითხის შესახებ ინფორმაცია, მივმართეთ მუნიციპალიტეტს და თანამშრომლური კონტექსტით მივაღწიეთ იმას, რომ დღეისათვის უკვე შესაძლებელია შშმ პირმა, რომელსაც აწუხებს მსგავსი პრობლემა, მიმართოს მუნიციპალიტეტს და აიღოს შესაბამისი საშვი, რომლითაც მოიპოვებს სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე მანქანების გაჩერების უფლებას”,- განუცხადა Knews.ge-ს დავით მოსიაშვილმა.
მისივე თქმით, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემული საშვის გამოყენება მთელი საქართველოს მასშტაბით, სპეციალურად გამოყოფილ ნებისმიერ ადგილზე არის შესაძლებელი.
,,ამ საკითზე, სოციალურ ქსელში დავწერე პოსტი, რომლის კომენტარებიდან აღმოჩნდა, რომ შშმ ადამიანების და ამ მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციების მხრიდან იყო ის აზრი, რომ ამ საშვის გამოყენება შესაძლებელი არის მხოლოდ იმ მუნიციპალიტეტში, სადაც არის გაცემული. თუმცა ეს ასე არ არის. საშვი გამოყენებადია მთლიანი საქართველოს ტერიტორიაზე. დიდი მადლობა თელავის მერიას. ჩვენ აღმოვჩნდით პირველები, სადაც ამ საშვის გაცემა ხდება”,- განაცხადა დავით მოსიაშვილმა.
აღნიშნულ საკითხზე თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ 2021 წლის 29 აპრილს ცვლილება შევიდა თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 თებერვლის N11 დადგენილებაში და დამტკიცდა შშმ პირთა პარკირების ადგილისათვის განსაზღვრული საცნობი ნიშნის ფორმა.
,,ეს არის შშმ პირის გადასაადგილებელი სატრანსპორტო საშუალების საცნობი ნიშანი, რომელსაც გასცემს მუნიციპალიტეტი. მოწმობის მისაღებად, საჭიროა წარმოდგენილ იქნას შემდეგი დოკუმენტები: შშმ პირის დაბადების მოწმობა (ნოტარიულად დამოწმებული), მშობლის ან მეურვის პირადობის მოწმობა (ნოტარიულად დამოწმებული) და მეურვეობის დამადასტურებელი საბუთი ნოტარიულად დამოწმებული, მკვეთრად გამოხატული შშმ პირის დამადასტურებელი საბუთი, გაცემული შესაბამისი ორგანოს მიერ”,- განუცხადეს knews.ge-ს თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში.