ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

ყვარელში ახალი ევრო-ატლანტიკური ცენტრი და ამერიკული სივრცე გაიხსნა

ქალაქ ყვარელში ახალი ევრო-ატლანტიკური ცენტრის და ამერიკულ სივრცის გახსნის ცერემონია გაიმართა.

აღნიშნული ცენტრის გახსნა შესაძლებელი გახდა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და ევროკავშირის მხარდაჭერით. ამერიკული სივრცე კი არის 15 ამერიკული სივრცის ქსელის ნაწილი საქართველოში, რომელიც მხარდაჭერილია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ. ყვარლის ევრო-ატლანტიკური ცენტრის ხელმძღვანელი და ამერიკული თაროს კოორდინატორი, ნიკა გურინი აცხადებს, რომ ამერიკული სივრცე მკითხველებს აწვდის ინფორმაციას და სთავაზობს მრავალფეროვან რესურსებსა და აქტივობებს, რაც ადგილობრივ თემს განვითარებაში ეხმარება.

,,გავხსენით ახალი ევრო-ატლანტიკური ცენტრი. როგორც იცით, მანამდე სკოლის შენობაში გვქონდა ევროკლუბი და ამერიკული თარო. გავფართოვდით იმიტომ, რომ პროგრამები და მასში ჩართული პირების რაოდენობა გაგვეზარდა. განსაკუთრებული მადლობა ამერიკის შეერთებულ შტატებს, ქალბატონ ელჩს, რომელიც ჩვენი ძალიან დიდი მხარდამჭერია. მადლობა ჩვენს ყველა პარტნიორს, ევროკავშირს, საფრანგეთის საელჩოს და სხვა. ეს ცენტრი იქნება ახალი ჰაბი განათლებისა და განვითარებისთვის, არამხოლოდ გახალგაზრდებისთვის, არამედ უფროსებისთვისაც. სამომავლოდ დიდი გეგმები გვაქვს და იმედი გვაქვს განვახორციელებთ”,- განუცხადა Knews.ge-ს ნიკა გურინმა.

ცენტრის გახსნის ღონისძიებაზე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ლენტის გაჭრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ აუდიტორიას სიტყვით მიმართა. ღონისძიებას ასევე ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი, ალექსანდრე ვინიკოვი ესწრებოდა. კელი დეგნანის თქმით, ცენტრი ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს ჩაერთონ დისკუსიებში, დაგეგმონ სხვადასხვა სახის ღონისძიებები და განახორციელონ პროექტები და ინიციატივები.

,,მოხარული ვარ რომ დავბრუნდი ყვარელში და ახლა უკვე აღვნიშნავთ ამერიკული თაროს ახალი სივრცის გახსნას. ეს არის კიდევ ერთი ნიშანი და დადასტურება იმისა, თუ რამდენი რამის გაკეთებაა შესაძლებელი, როდესაც ვერთიანდებით და ერთობლივი ძალებით ვაკეთებთ რაიმეს. დიდი მადლობა მერს, ადგილობრივ თვითმმართველობას, ბიზნესის წარმომადგენლებს, ვინც მხარი დაუჭირა ამ პროექტს. ასევე საზოგადოების თითოეულ წევრს, რომლებიც მოდიან აქ და იყენებენ ცენტრის შესაძლებლობებს. აქ ძალიან ბევრი რამის შესწავლა არის შესაძლებელი, მათ შორის უფრო მეტის გაგება ამერიკის შეერთებული შტატების შესახებ, ინგლისური ენის კურსები და სხვა.
ეს ცენტრი აძლევს შესაძლებლობას ადამიანებს, ჩაერთონ დისკუსიაში, შეისწავლონ ადამიანის უფლებები, რაც ნიშანდობლივია განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვიმყოფებით ილია ჭავჭავაძის მშობლიურ ქალაქში. ასევე მათ შეუძლიათ მოისმინონ ინფორმაცია ლიდერობაზე, ბიზნეს შესაძლებლობებზე, მედია წიგნიერებაზე და სხვა. ამ ცენტრს ჰყავს ძალიან კარგი და ნიჭიერი კოორდინატორი და მისი დახმარებით ბევრი ინიციატივის და პროექტის განხორციელებაა შესაძლებელი”,-
განაცხადა კელი დეგნანმა.

მოსწავლეების თქმით, მუნიციპალიტეტში მსგავსი სივრცეების ამოქმედება მათ განვითარებას შეუწყობს ხელს.

,,ევროკლუბის აქტივობებში ჩართული ვარ ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან როცა შეიქმნა ეს სივრცე. გვაქვს ბევრი მიღწევებიც. მსგავსი კლუბები და სივრცეები, ჩატარებული შეხვედრები არის ყველაზე კარგი საშუალება ახალგაზრდებისთვის. განსაკუთრებით ისეთ ადგილებში, როგორიც არის ყვარელი, სადაც არ არის დიდი შესაძლებლობები განვითარებისთვის. ვფიქრობ, რომ თუ ასე გასტანს ჩვენი ურთიერთობები ელჩებთან, საელჩოებთან, სხვადასხვა დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან, აუცილებლად მივაღწევთ წარმატებას”,- განუცხადა Knews.ge-ს სკოლის მოსწავლემ, მარიამ წიწრიაშვილმა.