1 ივლისიდან, სოციალურად დაუცველი ბავშვები ყოველთვიური დახმარების სახით 200 ლარს მიიღებენ
2023 წლის 1 ივლისიდან, სოციალურად დაუცველი ბავშვები ყოველთვიური დახმარების სახით 200 ლარს მიიღებენ. აღნიშნული დახმარება 2 წლის წინ ყოველთვიურად 50 ლარს შეადგენდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტში სოციალური მიმართულებით დახმარებები იზრდება. კერძოდ, საუბარია სოციალურად დაუცველ ოჯახებზე.
“სოციალური მიმართულებით, ჩვენ მომდევნო წელს, სოციალური გასაცემლების ზრდა გვაქვს გათვალისწინებული. გვქონდა ყველა მიმართულებით ზრდა, ეს იყო პენსიები, შშმ პირთა დახმარებები და სხვა. ამას ჩვენ დავუმატეთ სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარებების ზრდაც, რაც არ იყო ბიუჯეტის წინა ვარიანტში. მოგეხსენებათ, რომ ბავშვების დახმარება, თითო ბავშვზე იყო 50 ლარი 2 წლის წინ და 2023 წლის პირველი ივლისიდან, ეს თანხა გახდება 200 ლარი, ანუ თითო ბავშვზე 200 ლარს გავცემთ, რაც მნიშვნელოვანია და ამაში დაიხარჯება 65 მილიონი ლარი,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.