ავტომობილის განმეორებითი ტექინსპექტირების მომსახურება შესაძლოა ფასიანი გახდეს
ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირება ქვეყანაში 2018 წლის 1 იანვარს დაიწყო.
2019 წლის 1–ლი იანვრიდან კი იგი ყველა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის სავალდებულო გახდა. დღესდღეობით, მსუბუქი ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირება 60 ლარი, სატვირთო და სამგზავრო ავტომობილების კი – 100 ლარი ღირს.
ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შიოლაშვილი ამბობს, რომ იმის გამო, რომ განმეორებით ინსპექტირებაზე მომსახურება უფასოა ტექინსპექტირების ცენტრებს ფინანსური პრობლემები აქვთ. მან განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები უკვე იყო და იმედი აქვთ, რომ განმეორებითი ტექინსპექტირების მომსახურება მომავალი წლიდან ფასიანი გახდება.
„ზოგადად სექტორი ძალიან დიდი ფინანსური პრობლემების წინაშეა, რადგან მომსახურება გაძვირებულია. აქედან გამომდინარე, 4 წლის წინ, რომ გარკვეული საფასურები დაწესდა ტექინსპექტირების მომსახურებაზე ვეღარ უპასუხებს დღევანდელ გამოწვევებს. ფასები გადასახედია. განმეორებით ინსპექტირებაზე მომსახურება უფასოა. ჩვენ ერთადერთი ქვეყანა ვართ ევროკავშირის მასშტაბით, სადაც აღნიშნული სახის მომსახურება უფასოა.
აქედან გამომდინარე ტექინსპექტირების ცენტრები თავიანთი პროდუქტიული დროის 35%-ს ხარჯავენ იმისთვის, რომ განმეორებითი ინსპექტირების შემთხვევაში ავტომფლობელებს მოემსახურონ, რაც მათ სეროზული ფინანსური პრობლემების წინაშე აყენებს. აღნიშნულ საკითხზე იყო კონსულტაციები და იმედი გვაქვს მომავალი წლიდან გადაიხედება ეს მიდგომა და ფასიანი გახდება განმეორებითი ინსპექტირების მომსახურება“, – განაცხადა გიორგი შიოლაშვილმა.