გაიცანით ხელოვანი თელავიდან, რომელიც ანიმაციის გმირებს აცოცხლებს- ფოტოები
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში მცხოვრები ახალგაზრდა ხელოვანი, ნელი ბაჩიაშვილი წლებია თექით სხვადასხვა სახის ხელნაკეთ ნივთებს ქმნის.
ის სხვადასხვა სახის თექის, მინანქრის და თიხის ნამუშევრებს ქმნის, თუმცა, ბოლო პერიოდში თექისგან რეალისტური ნამუშევრების გაკეთება და ანიმაციებიდან საყვარელი გმირების გაცოცხლება დაიწყო.
ნელი აცხადებს, რომ საქმიანობა, რომლითაც 5 წლიდან დაინტერესდა საკმაოდ შრომატევადია და დიდ დროს და ენერგიას მოითხოვს, თუმცა ეს მისთვის საყვარელი საქმეა და ნივთების კეთების პროცესი დიდ სიამოვნებას ანიჭებს.
,,5 წლის ვიყავი პირველი ფიგურა რომ გამოვძერწე ადამიანის მსგავსი. შემდეგ ნელ-ნელა თამაშში რაღაცებს ვძერწავდი. არასდროს ვთამაშობდი თოჯინებით. ვძერწავდი ფიგურებს, სიტუაციებს ვაწყობდი და მერე ისევ ვშლიდი. წლებთან ერთად ეს თამაში გადავიდა უკვე დიდ გატაცებაში. ყოველი ახალი ფიგურა წინასთან შედარებით დახვეწილი იყო. ასე ძერწვით მივედი 24 წლამდე. შემდეგ ტიხრული მინანქარიც შევისწავლე და გავაგრძელე მუშაობა ამ მიმართულებითაც”,– განუცხადა knews.ge-ს ნელი ბაჩიაშვილმა.
ნელის თქმით, თექის ნამუშევრების გაკეთებით მოგვიანებით დაინტერესდა. ახლა კი მისი ნამუშევრები ყველა მნახველის მოწონებას იმსახურებს და ხშირად, მის მიერ თექისგან დამზადებულ ცხოველის ფიგურებს ნამდვილისგან რთულად თუ გაარჩევთ.
ნელი აცხადებს, რომ რამდენიმე თვეა თექით საყვარელი ანიმაციის გმირების გაცოცხლება დაიწყო. მისივე თქმით, ნამუშევრებმა საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.
ახალგაზრდა აცხადებს, რომ სამომავლოდ დაგეგმილი აქვს კოლექციის გაკეთება ერთი კონკრეტული მულტფილმიდან ყველა პერსონაჟის, რომლის ნახვა ნებისმიერ მსურველს შეეძლება.
,,ვაკეთებ ჩემთვის საყვარელი ანიმაციის გმირების ნამუშევრებს. ამან დიდი მოწონება დაიმსახურა. ნამუშევრებს როცა ვამზადებდი, ყოველთვის მინდოდა დამეხვეწა და ისეთი გამეკეთებინა, როგორიც რეალურად არის. ვცადე და ისეთი გამოვიდა როგორიც მინდოდა. ამ დროისთვის ანიმაციებიდან რამდენიმე გმირი მყავს გაკეთებული და ყველა ძალიან მიყვარს”,- განაცხადა ნელი ბაჩიაშვილმა.
ხელნაკეთი ნივთების გარდა, ახალგაზრდამ თავისი საქმიანობის მრავალფეროვნებისთვის 3D ნახატების შექმნა დაიწყო და როგორც თავად ამბობს, ამან საზოგადოების დიდი დაინტერსება გამოიწვია.
,,ყოველთვის მინდოდა ბარელიეფის გაკეთება კედელზე ან ნახატი 3D სტილში. თავიდან ვფიქრობდი თიხისგან გამეკეთებინა, ბევრი იდეა მიტრიალებდა თავში. ერთხელ ერთ-ერთმა დამკვეთმა მომაწოდა ვაჟას ფოტო, უნდოდა ის თექისგან და აქ უკვე ჩავრთე ჩემი იდეა ბარელიეფურ ნახატთან დაკავშირებით. გამოვიდა ბოლოს 3D ნამუშევარი თექისგან. ნახატს თვალები მეტყველი აქვს თიხისგან გაკეთებული. მასზე ორი თვე ვიმუშავე”,– განუცხადა knews.ge-ს ნელი ბაჩიაშვილმა.
ახალგაზრდას აქვს ფეისბუქში გვერდი ,,თექის ნაკეთობები სათამაშოები /N.B Handmade” შექმნილი ნამუშევრებს ინტერნეტის საშუალებით იღებს და დამზადებულ ნამუშევრებსაც მისი დახმარებით ყიდის. ის ასევე აცხადებს, რომ ნამუშევრების ზომას დამკვეთები განსაზღვრავენ.
,,ვმუშაობ შეკვეთების მიხედვით. ზოგს დიდი მოცულობის ნივთი უნდა, ზოგს კი პატარა. საყვარელი ცხოველების მსგავსი ბრელოკების დამზადებისთვის მაქვს ხშირად შეკვეთები, თუმცა პატარა ზომის არის. ცოტა ხნის წინ თექის ნამუშევარი დავამზადე, რომელიც ფორმითაც და ზომითაც საყვარელი ძაღლის ანალოგია.”
ახალგაზრდა სამომავლოდ ბუმბულით გაფორმებული ნივთების დამზადებას, საკუთარი სამუშაო კუთხის და მოსწავლეების აყვანას გეგმავს. როგორც თავად ამბობს, ამ სურვილების შესრულებისთვის ფინანსური რესურსი სჭირდება, რაც ამ დროისთვის არ აქვს.