წელს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება 16852 პირმა ითხოვა
2018 წლიდან დღემდე, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში რეგისტრირებული განაცხადების რაოდენობამ 59300 ერთეული შეადგინა.
აღნიშნულის შესახებ დეპუტატ მიხეილ სარჯველაძის კითხვის პასუხად მომზადებულ სტატისტიკურ მაჩვენებლებშია აღნიშნული.
როგორც იუსტიციის მინისტრის მიერ ხელმოწერილ დეპუტატისთვის გადაგზავნილი ინფორმაციიდან ირკვევა, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე სააგენტოში რეგისტრირებული განცხადების რაოდენობამ (2018 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 25 ოქტომბრის ჩათვლით) 59300 ერთეული შეადგინა, საიდანაც 2022 წლის განმავლობაში 16852 განაცხადი გაკეთდა.
უფრო კონკრეტულად, 2022 წლის 1-ელი იანვრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის დროებითი უფლება მოითხოვა 2237 სუბიექტმა. საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება კი 5069 სუბიექტმა. საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება კი 9456 სუბიექტმა მოითხოვა.