1 იანვრიდან სიგარეტის ერთგვაროვანი შეფუთვით გაყიდვის წესის დარღვევაზე ჯარიმა 5 ათასი ლარი იქნება
2023 წლის 1-ლი იანვრიდან საქართველოში ყველა სიგარეტის შეფუთვა სადა და ერთგვაროვანი უნდა გახდეს.
აღნიშნულს გულისხმობს კანონი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“, რომლის თანახმადაც საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმისა და მისი შეფუთვის სტანდარტიზების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი მთავრობამ 2022 წლის მაისში მიიღო.
ამ წესის, რეგულაციის დარღვევაზე კი ჯარიმა 5 ათასი ლარი იქნება და ასევე კანომდებლობა ითვალისწინებს შესაბამისი თამბაქოს ნაწარმის კონფისკაციას. თუმცა აღსანიშნავია, რომ ჯერ უცნობია ამოქმედდება თუ არა აღნიშნული რეგულაცია ბიზნესისთვის.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ივნისში პარლამენტის დეპუტატებმა დავით სონღულაშვილმა, გოჩა ენუქიძემ, გელა სამხარაულმა და ისკო დასენმა პარლამენტში დააინიცირეს კანონპროექტი, რომელიც აღნიშნული ვალდებულების გადავადებას ითხოვდა. კერძოდ, დეპუტატების აზრით, თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვის ვალდებულება 2022 წლის 31 დეკემბრის ნაცვლად, 2024 წლის 31 დეკემბრიდან უნდა ამოქმედდეს, რადგან უკრაინაში მიმდინარე ომის გამო კომპანიებს მეტი დრო სჭირდებათ, რომ ცვლილების ამოქმედებისთვის გადაწყობა მოახერხონ.
„ხუთწლიანი პერიოდის განმავლობაში თამბაქოს ნაწარმის ინდუსტრიაში ჩაბმული კომპანიების მიერ მუდმივად ხდებოდა პროდუქტის არსებულ კანონმდებლობასთან მორგება და დღეის მდგომარეობით დარჩენილია მხოლოდ თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვის გარეშე რეალიზაცია/განლაგების ვალდებულების ამოქმედება, რაც ითვალისწინებს თამბაქოს ნაწარმის – შეფუთვის, შეფუთვის ფერის, წარწერების და ნიშნების, ზედაპირის, ხმის სურნელის და ჩანართის, ჩასაფენისა და ფოლგის, გარსის, ფორმის, ზომისა და შეფუთვის გახსნის, სიგარეტისა და სიგარის ღერების სტანდარტიზებულ შეფუთვას.
კომპანიების განმარტებით, უკრაინაში განვითარებულ მოვლენებამდე, საქართველოს ბაზრისთვის განკუთვნილი თამბაქოს პროდუქცია ძირითადად უკრაინის ქარხნებში იწარმოებოდა. მიმდინარე მოვლენების გამო, უკრაინაში პროდუქციის წარმოება შეუძლებელი გახდა კონფლიქტის პირველივე დღეებიდან და ამ ეტაპზე მიმდინარეობს წარმოების სხვადასხვა ქვეყნებში გადატანა, იმისათვის, რომ მოხდეს საქართველოს ბაზარზე არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილება, შესაბამისი რაოდენობისა და სახეობების თამბაქოს პროდუქტის იმპორტი.
ნორმალურ პირობებში, მსგავსს ახალ შეზღუდვასთან შესაბამისობის მიზნით, წარმოების გადაწყობა სექტორისთვის საკმაოდ გრძელვადიან მოსამზადებელ და გადაიარაღების პროცესს გულისხმობს, რომლის დასაწყებად აუცილებელი იყო ტექნიკური რეგლამენტის არსებობა. უკრაინაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე კი, ეს პროცესი უფრო ხანგრძლივი და კომპლექსური გახდა, რადგან ნაცვლად ერთ ქარხანაში სტანდარტიზებული შეფუთვის შესაბამისი პროცესების დანერგვისა, კომპანიებს უწევთ რამდენიმე ქვეყნის სხვადასხვა ქარხნებში შესაბამისი პროცესების გადაწყობა, რომელიც 2023 წლის 1-ელ იანვრამდე შეუძლებელი იქნება.
ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ქარხნებში ამ მომენტისთვის წარმოება მიმდინარეობს ე.წ საგანგებო რეჟიმში, რადგან წარმოების მსგავსი დანაწევრება არ წარმოადგენს კომპანიების ნორმალურ პრაქტიკას და იმისათვის, რომ მოხდეს სტანდარტიზებულ შეფუთვაზე გადასვლა, პირველ რიგში უნდა მოხდეს წარმოების ნორმალიზება, რასაც საჭიროებს 12-24 თვემდე ვადას,“- ვკითხულობთ პროექტის განმარტებით ბარათში.
თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვის ვალდებულების ამოქმედების გადავადებასთან დაკავშირებით კანონპროექტის განხილვა საკანონმდებლო ორგანოში უახლოეს პერიოდში დაიწყება.
კერძოდ, პროექტის განხილვას ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი უახლოეს დღეებში გეგმავს. აღნიშნული ვალდებულების 2 წლით გადავადებაზე, სწორედ ჯანდაცვის კომიტეტში იმსჯელებენ.