გაიცანით Pet Friendly ეკო სოფელი ლაგოდეხში
„ეკო სოფელი ტყეში“ სოფელ გურგენიანში, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებში მდებარეობს. მისი შექმნის იდეა 2020 წლის კოვიდპანდემიის პერიოდში გაჩნდა.
ეკო სოფლის დამფუძნებელი, ნინო ნიორაძე ამბობს, რომ ეკო სოფელი მხოლოდ ხის კოტეჯებს და ადვილად გადასამუშავებელი მასალების გამოყენებას არ ნიშნავს. მთავარი აქ ის გარემო და ეკოსისტემაა, სადაც დასასვენებელი კომპლექსია გაშენებული. ნინოს თქმით, მისი შექმნის იდეა 2020 წლის კოვიდპანდემიის პერიოდში გაჩნდა, საქმიანობა კი 2021 წლის სექტემბერში დაიწყეს, თუმცა კვების ობიექტი მაშინ არ ჰქონდათ.
სასტუმროს დამფუძნებელი აცხადებს, რომ 60 000 ლარის ინვესტიციით რესტორანი გახსნეს, რომ დამსვენებლებისთვის სრულყოფილი სერვისის მიწოდება შეძლებოდათ.
„ეკო სოფელი ტყეში, ველურ ბუნებაში, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე მდებარეობს. ადგილზე განთავსებულია 10 ულამაზესი ეკო კოტეჯი, სადაც ერთდროულად შესაძლებელია 30 დამსვენებლის განთავსება. ეკოლოგიურად სუფთა სოფელი, საუკეთესო გამოსავალია ბუნების წიაღში განსატვირთად. ეს არის ადგილი, სადაც თქვენს თვალწინ იშლება ნინოსხევის ულამაზესი ხედები და აღმოჩნდებით წიფლისა და რცხილას ტყეში, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ მოეპოვება. ჩვენთან სტუმრობისას მსურველებს შეუძლიათ დალაშქრონ გურგენიანის, იგივე ნინოსხევის ჩანჩქერი. ბილიკი საფეხმავლოა და მისი მანძილი შეადგენს 8 კმ-ს. ჩვენი კოტეჯები გადაყურებს მდინარე ნინოსხევის ხეობას რომელიც ძალიან ლამაზია. რესტორანში კი უგემრიელესი კერძებით გავუმასპინძლდებით მსურველებს,“– აცხადებს ნინო ნიორაძე.
ნინო აცხადებს, რომ გასულ წელთან შედარებით, კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, ეკო სოფელზე მოთხოვნა გაზრდილია.
,,მოთხოვნა გაზრდილია და ჯავშნები უფრო ხშირად ერთი კვირით ადრე კეთდება, უცხოელი ტურისტებს რაც შეეხება, ისინი შედარებით წინდაწინ, 6-7 თვით ადრე ჯავშნიან. 4 სეზონზე გათვლილი დასასვენებელი კოტეჯები გვაქვს. კვირის დღეებში მომხმარებლებისთვის გარკვეული ფასდაკლებებია დადგენილი, შაბათსა და კვირას – სტანდარტული ფასი გვაქვს”,- აცხადებს ნინო.
კოტეჯები Pet Friendly-ია, რომელიც როგორც თავად აცხადებენ, სხვა მსგავსი დაწესებულებებისგან გამოარჩევთ.
,,ჩვენი კოტეჯები Pet Friendly-ია. როცა ასეთ ტყეში ხარ, სხვანაირად არც შეიძლებოდა ყოფილიყო. ოთხფეხა მეგობრებსაც უნდათ გასეირნება და დასვენება. თავს ვართმევთ, თუმცა, როცა დამსვენებელი შინაურ ცხოველებთან ერთად მოდის, რისკები უფრო მეტია. სწორედ ამიტომ, ჩვენი კოტეჯები ადგილობრივი და უცხოელი ტურისტების ერთ-ერთი საყვარელი ადგილია,“– აცხადებს ნინო ნიორაძე.