ახალი ამბები

საქართველოში მსჯავრდებულთათვის ინოვაციური საგანმანათლებლო პროექტი „ციფრული უნივერსიტეტი“ ამოქმედდა

პირველად საქართველოში მსჯავრდებულთათვის ინოვაციური საგანმანათლებლო პროექტი „ციფრული უნივერსიტეტი“ ამოქმედდა
პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულებისთვის ციფრული სწავლების პლატფორმა ამოქმედდა.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი მსჯავრდებულ სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, დისტანციურად მიიღონ სრულფასოვანი უმაღლესი განათლება; ჩაერთონ საუნივერსიტეტო სწავლების პროცესში; ონლაინ დაესწრონ ლექციებს და პირდაპირი, ინტერაქციული კომუნიკაცია ჰქონდეთ ლექტორებთან.

აქამდე პენიტენციურ დაწესებულებებში აკადემიური სწავლება მხოლოდ კორესპონდენციული მეთოდით ხორციელდებოდა. მსჯავრდებული სტუდენტები სასწავლო მასალას იღებდნენ და წერით დავალებებს ასრულებდნენ, თუმცა ლექტორებთან უშუალო კომუნიკაციის შესაძლებლობას ისინი მოკლებულნი იყვნენ.

ციფრული სწავლების პლატფორმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით ხორციელდება და მოიცავს საქართველოში ავტორიზებული უნივერსიტეტების როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის საფეხურებს. პროექტი პირველ ეტაპზე №16 დაწესებულებაში ამოქმედდა. სასწავლო პროცესს დღეს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი გაეცნენ. მინისტრებმა, ასევე დაათვალიერეს მსჯავრდებულთა სახელობო მომზადებისა და პროფესიული დასაქმების სივრცეები.

ციფრული უნივერსიტეტი მსჯავრდებულთათვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის საუნივერსიტეტო განათლებას; იზრდება სწავლების ხარისხი და ეფექტიანობა, რაც ამავე დროს ხელს შეუწყობს პატიმართა რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციას.