ახალი ამბები

ტექდათვალიერების მეორედ არგავლის შემთხვევაში, სანქციები 150-დან 700 ლარამდე დაწესდება

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირების მიზნით ტექნიკურად გაუმართავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებაზე სანქციების გამკაცრება იგეგმება.

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებს“ პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე განიხილავს.

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძის განცხადებით, ცვლილება ტექნიკური ინსპექტირების გავლის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს.

ბითაძემ, თქვა, რომ ტექინსპექტირების გაუვლელობისთვის არსებული პირველადი ჯარიმა, რომელიც ახლა მოქმედებს უცვლელად დარჩება, მაგრამ თუ სუბიექტი პირველი დაჯარიმების შემდეგ ტექდათვალიერებას მაინც არ გაივლის, სანქცია 150-დან 700 ლარამდე დაწესდება.

„შევიმუშავეთ კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს, რომ პირველადი ჯარიმა, 50 ლარი, არ უნდა იყოს გაზრდილი და ეს ხელუხლებლად დარჩება. თუმცა შემოგვაქვს განმეორებითი სანქცია და იმ შემთხვევაში თუ პირი დაჯარიმებიდან 30 დღის განმავლობაში არ გამოასწორებს ხარვეზს, რომელიც მას ტექინსპექტირების გავლაში ხელს უშლის, სანქციები გაიზრდება. სანქციები ფიზიკური და იურიდიული პირისთვის განსხვავებულია და დაახლოებით 150 ლარიდან 700 ლარამდე მერყეობს“, – ამბობს მაია ბითაძე.