თელავის მოსახლეობა წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვს
თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობა წყლის პრობლემის დროულად მოგვარებას ითხოვს.
ადგილობრივების თქმით, წყლის გრაფიკი არასწორად არის დაგეგმილი, ხშირად გრაფიკის დროს წყალი არ მოდის და თუ მოდის იმდენად ცოტა რაოდენობით, რომ მარაგის ავსებას ვერ ახერხებენ. ადგილობრივები დახმარებას თვითმმართველობას და შესაბამის სამსახურებს სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციების გამართვას გეგმავენ. თელავში მცხოვრებლების თქმით, წყალმომარაგების პრობლემის მოგვარებას წლებია უშედეგოდ ითხოვენ.
,,სულ ამბობენ, რომ რეაბილიტაცია მიმდინარეობს შესაბამისი ინფრასტრუქტურის და პრობლემა მალე მოგვიგვარდება, მაგრამ დღემდე საშველი არ არის. ვინც არ უნდა გააჩეროთ და კითხოთ რა პრობლემა აწუხებს, ყველა გეტყვით რომ პირველი პრობლემაა წყალმომარაგება. ზამთარშიც პრობლემაა, შემოდგომაზეც და ზაფხულშიც. როცა სიცხეები იყო, გვეუბნებოდნენ მარაგი არ გვაქვს წყლის და რა ვქნათო. გავიდა ზაფხული და აცივდა, ნალექიც არის მაგრამ წყლის პრობლემა ისევ გვაქვს. ზამთარში გაიყინება ყველაფერი და წყლის პრობლემა გაუარესდება. როდესმე ხომ უნდა დაადგეს საშველი ამ საკითხის მოგვარებას”,– აცხადებენ Knews.ge-სთან საუბრისას თელავში მცხოვრებლები.
წყალმომარაგების პრობლემასთან დაკავშირებულ ინფორმაციას მოსახლეობა სოციალურ ქსელებში, თემატურ ჯგუფებში ხშირად ავრცელებს და შესაბამის სამსახურებს აღნიშნული საკითხით დაინტერესებას სთხოვს. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ შესაბამის სამსახურებთან ჰქონდათ კომუნიკაცია, დაპირებაც მიიღეს რომ პრობლემა მოგვარდებოდა, თუმცა ამ დრომდე საკითხით არავინ დაინტერესებულა.
,,ამ რამდენიმე თვეში, ალბათ ყოველდღიურად ვრეკავ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ცხელ ხაზზე. ჯერ საათობთ გვალოდინებენ სანამ გვიპასუხებენ და სრულ პასუხსაც ვერ გვაძლევენ. გვეუბნებიან წყლის მარაგი არ არის და რა გავაკეთოთო. ჩვენ რაღა ვქნათ, რომ დასალევი წყალი არ გვაქვს. ტაქსებით მოგვაქვს წყალი სხვადასხვა ადგილებიდან და ისიც ისეა შემცირებული, რომ საათები უნდა რამდენიმე ლიტრის ავსებას. გარდა ამისა, რიგებია, რადგან ყველას აქვს წყლის პრობლემა”,- აცხადებს ქალაქ თელავში მცხოვრები ლამარა მარტიაშვილი knews.ge-სთან საუბრისას.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, რომ კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, თელავში წყლის დებიტი შემცირებული იყო, წყალმომარაგების პრობლემა სწორედ მან შექმნა. კომპანიაში განმარტავენ, რომ წყალმომარაგების კომპანია თელავის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის სხვადასხვა პროექტს ახორციელებს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, რომ კომპანია ქალაქ თელავის უწყვეტი წყალმომარაგებისათვის ორ პროექტს ახორციელებს.
„თელავში, არსებული წყალმომარაგების სისტემა მოძველებულია, რის გამოც მოსახლეობას წყალი შეზღუდვით მიეწოდება. გამართული წყალმომარაგებისა და წყლის დებიტის გაზრდისთვის, ორი პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები. ამ დროისთვის, უკვე დასრულდა თელავში ,,წიწმატიანის’’ პროექტით გათვალისწინებული 11 კმ-იანი მაგისტრალიდან 9 კმ-ის მოწყობა, დარჩენილი 2 კმ-ის მოწყობა წლის ბოლოს დასრულდება.
ქალაქის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის, დამატებით, მიმდინარეობს ახალი სისტემების მშენებლობა, რომლის დასრულება მომავალი წლის დასაწყისში იგეგმება. პროექტის შედეგად თელავის წყალმომარაგების პრობლემა საბოლოოდ მოგვარდება და მოსახლეობა 24 საათიან წყალმომარაგებაზე გადავა. თელავში მიმდინარე პროექტების ჯამური ღირებულება 31 მილიონი ლარია. სამუშაოები საქართველოს მთავრობისა და აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით მიმდინარეობს“, – განაცხადა წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, ალექსანდრე თევდორაძემ.