ახალი ამბები

რა ეტაპზეა კურორტ ახტალას სარეაბილიტაციო სამუშაოები

“კურორტ ახტალას რეაბილიტაციისთვის სამშენებლო სამუშაოები ჯერ კიდევ არ დაწყებულა”, – ამის შესახებ კურორტ “ახტალას” მფლობელი ინვესტორი კომპანია “გლობალ ვიქთორი ჯორჯიას’’ იურისტმა ლია ჩიხლაძემ BM.GE-სთან განაცხადა.

მისი თქმით, რეაბილიტაციის პროცესი 2024 წლამდე უნდა დასრულდეს და ინვესტორები ამ ეტაპზე მშენებელი კომპანიის ძიების პროცესში არიან.

“კურორტის რეაბილიტაციის პროცესი დაწყებულია, საძირკველი, წყლის სისტემა და კანალიზაცია გაკეთებულია თუმცა სასტუმროს მშენებლობის დაწყება, შეფერხებულია. მშენებელმა კომპანიამ, რომელთანაც ხელშეკრულება გვქონდა გაფორმებული, უარი თქვა და ამ ეტაპზე მშენებელი კომპანიის ასარჩევად კონკურსია გამოცხადებული”, – აცხადებს ლია ჩიხლაძე.

იმ შემთხვევაში თუ პროექტის რეაბილიტაციის პროცესი 2024 წლამდე არ დასრულდა, მისი თქმით ინვესტორ კომპანიას პირგასამტეხლო დაეკისრება.

“პირველ ეტაპზე გადავადება “კოვიდის” პერიოდში მოვითხოვეთ და ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდა. რაც შეეხება ახლანდელ მდგომარეობას, მიმდინარეობს გარკვეული სამუშაოები და როგორც ვიცი ვადას არ გადავაცილებთ. 2024 წლამდე ყველაფერი მოესწრება. კომპანიას ფინანსური ზიანი ამ ეტაპზე არ აქვს, თუმცა, ვადების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოები ერთი წლის განმავლობაში იქნება და შემდეგ შესაძლოა, ხელშეკრულება ბათილად ცნონ, მაგრამ, ამ ეტაპზე ამ საშიშროების წინაშე არ ვდგავართ”, – განაცხადა ლია ჩიხლაძემ.

ცნობისთვის: კურორტ ახტალას რეაბილიტაცია 2022 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა გასულ წელს ინვესტორმა კომპანიამ ქონების ეროვნულ სააგენტოს 2024 წლამდე გადავადება მოსთხოვა, მიზეზად პანდემია დასახელდა. კურორტ ახტალას რეაბილიტაციის პროექტი 120-ნომრიან სასტუმრო კომპლექსის, ღია და დახურული ტიპის საცურაო აუზების, რესტორნების, სარეაბილიტაციო და გამაჯანსაღებელი ცენტრის და სულ მცირე 50 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომის მოწყობას მოიაზრებს.