ახალი ამბები

ყურძნის მოსავალი სრულად დაბინავებულია – ლევან მეხუზლა (R)

სახელმწიფოს დაპირება, რომ რთველი ჩაივლიდა ორგანიზებულად და ყველა მევენახე შეძლებდა მოსავლის შეუფერხებლად დაბინავებას, შესრულებულია. მევენახეების მოსავალი სრულად დაბინავებულია.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მნიშვნელოვანია, რომ ყურძნის ძირითადი ნაწილი კერძო სექტორმა ჩაიბარა.

„წლევანდელი რთველი, საბოლოო ჯამში, ორგანიზებულად და წარმატებულად ჩატარდა. რთველი დასასრულს უახლოვდება, ყურძენი ჯერ კიდევ იკრიფება საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, თუმცა, რამდენიმე დღეში დამთავრდება და საბოლოო შედეგებსაც შევაფასებთ.

ძალიან დიდი როლი ითამაშა მთავრობის მიერ დადგენილმა სუბსიდირების სქემამ, რამაც განაპირობა კერძო სექტორის მაქსიმალური ჩართულობა. მეწარმეებმა ბევრად მეტი ყურძენი ჩაიბარეს და გადაამუშავეს, ვიდრე შარშან.

რაჭის მაგალითზე, შეიძლება ვთქვათ, რომ მთლიანად კერძო სექტორში დაბინავდა ყურძენი და სახელმწიფოს საერთოდ არ მოუწია ჩარევა. საბოლოო ჯამში, მოსავალი მთლიანად ჩაბარდა.

რაც იყო მთავარი მიზანი, რომ არ დარჩენილიყო არცერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი, ამავდროულად, მაქსიმალურად აქტიური ყოფილიყო კერძო სექტორი – შესრულდა, “ – ამბობს ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან მეხუზლა.

სააგენტოს ხელმძღვანელი იმ გარემოებებზეც საუბრობს, რამაც წელს სუბსიდირების პროგრამის გაგრძლება განაპირობა.

„ყურძენზე სუბსიდია გაგრძელდა ობიექტური მიზეზების გამო. პირველ რიგში, პანდემია ახალი გადასულია და ასევე, წელს გაზაფხულზე დაიწყო ომი იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ჩვენს ტრადიციულ ბაზრებს წარმოადგენს, რამაც ძალიან დიდი უარყოფითი გავლენა მოახდინა ექსპორტზე.

განსაკუთრებით კი იმ პროდუქტზე, რომელიც თეთრი ყურძნისგან მზადდება. ამიტომ ვფიქრობ, რომ სუბსიდია წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. თუმცა საბოლოო მიზანია, ფასის სუბსიდირებისგან გავიდეთ და შევიკავოთ თავი,“ – განაცხადა ლევან მეხუზლამ.

ამ დროისთვის კახეთში გადამუშავებულია 245 ათასამდე ტონა ყურძენი. მოსავალი უკვე დააბინავა 21 ათასზე მეტმა მევენახემ, რომელთა შემოსავალი 246 მლნ ლარს აღწევს.

ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში 255 საწარმო იყო ჩართული. გადამუშავებული ყურძნიდან 138,5 ათას ტონამდე რქაწითელია, 90 ათას ტონამდე – საფერავი, 5,7 ათას ტონამდე – კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძენი გადამუშავებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტში – 60 ათასი ტონა, შემდეგია: ყვარელი – 59 ათასი ტონა, თელავი – 44,5 ათასი ტონა, სიღნაღი – 24,1 ათასი ტონა, საგარეჯო 24 ათასი ტონა, ლაგოდეხი – 11,8 ათასი ტონა, ახმეტა – 11,3ათასი ტონა და დედოფლისწყარო – 8 ათასი ტონა. გასული წლების ანალოგიურად, რთველის ორგანიზებულად ჩატარებას, ჩასაბარებელი ყურძნის აღრიცხვიანობისა და მიკვლევადობის უზრუნველყოფის სამუშაოებს, რთველის შტაბი უწევდა კოორდინაციას.