ახალი ამბები

სალომე ღონღაძე- საკრებულოს წევრი უნდა იყოს ყველაზე ახლოს მოსახლეობასთან

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, გიორგი გახარიას პარტიის ,,საქართველოსთვის” წარმომადგენელი და სიის პირველი ნომერი, ასევე საკრებულოს ფრაქციის ,,უკეთესი მომავლისაკენ” წარმომადგენელი და აქტიური მოქალაქე სალომე ღონღაძე ამომრჩევლებთან აქტიური კომუნიკაციის და საკრებულოს თითოეული წევრის საქმიანობის გამჭვირვალობის აუცილებლობაზე საუბრობს.

მისი თქმით, საკრებულოს წევრების მიერ სხვადასხვა ინიციატივების დაყენება, ადვოკატირება და მოსახლეობასთან ანგარიშვალდებულება მნიშვნელოვანია. საკრებულოს წევრმა აღნიშნული ფორმატის ფარგლებში, არაფორმალურ ფორმატში, ღია სივრცეში შეკრებილ მოქალაქეებს საკუთარი საქმიანობის დეტალური ანგარიში ჩააბარა. შეხვედრა პირდაპირ ეთერში, ფეისბუქის საშუალებითაც გადაიცემოდა.

,,ლაგოდეხის მოსახლეობის წინაშე წარვადგინე წლიური ანგარიში. ამის ვალდებულება გვაქვს საკრებულოს წევრებს. სამწუხაროდ პანდემიის გამო რამდენიმე წელია ვერ მოხერხდა ანგარიშის წარდგენა. თუმცა მე ვითხოვდი, რომ ამ პერიოდში ონლაინ ტრანსლირების საშუალებით წარგვედგინა ანგარიში, რასაც სამწუხაროდ გამოხმაურება არ მოყოლია.
წელს საბედნიეროდ მოგვეცა მოსახლეობასთან შეხვედრის შესაძლებლობა. შესაბამისად, აქცენტები გავაკეთე ყველა იმ ინიციატივაზე, რომელიც წარვადგინე საკრებულოს წინაშე. მე ვფიქრობ, რომ საკრებულოს წევრი უნდა იყოს ყველაზე ახლოს მოსახლეობასთან. ჩვენ მათ საჭიროებებს უნდა ვერგებოდეთ და არჩევნებიდან არჩევნებამდე არ უნდა ხდებოდეს მათთან კომუნიკაცია. შესაბამისად შეხვედრაზე ვისაუბრე იმ ინიციატივებზე, რომელიც წარვუდგინე საკრებულოს, თუმცა აქედან ცოტა მათგანმა იხილა დღის სინათლე”,-
განუცხადა Knews.ge-ს სალომე ღონღაძემ.

knews.ge-სთან საუბრისას საკრებულოს წევრი ასევე იმ ინიციატივებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც საკრებულოს წინაშე დააყენა.

,,მე ბევრი ინიციატივა მაქვს წარდგენილი, რომელთა ნაწილიც განხორციელდა. ეს გახლავთ საპატიო მოქალაქის სტატუსის აღდგენა, ასევე პანდუსის გაკეთება საკრებულოს შენობაზე. გარდა ამისა, მაქვს ინიციატივები, რომელსაც წარვადგენ მომდევნო საკრებულოს სხდომებზე და მათ ადვოკატირებას გავუწევ აუცილებლად. ესენია: ახალგაზრდული საბჭოს ფორმირება, მისი შექმნის ინიციატივა. ჩვენ ახალგაზრდებს უნდა მივცეთ ჩართულობის შესაძლებლობა, ეს უნდა იყოს როგორც დაგეგმარების, ასევე გადაწყვეტილების მიღების და განხორციელების პროცესში.
ძალიან მნიშვნელოვანია ასევე შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემოს შექმნა. გარდა ამისა, მქონდა ინიციატივა შრომა-კავშირი-ნინოგორის დამაკავშრებელ გზაზე სიჩქარის შემზრუდავი კამერების დაყენების, ჩართვის და პატრულირების, რომელიც საბედნიეროდ განხორციელდა, თუმცა სამწუხაროდ მას შემდეგ, როდესაც რამდენიმე უბედური შემთხვევა მოხდა. ასევე მაქვს ინიციატივა, რომ ლაგოდეხი გახდეს ბლუზის ქალაქი, იმიტომ რომ მთელი მსოფლიო ლაგოდეხს იცნობს როგორც ბლუზის სავანეს. ასევე მუნიციპალიტეტში არის პარკირების პრობლემა, რომელიც მოსაგვარებელია”,-
განაცხადა სალომემ.

საკრებულოს ახალგაზრდა წევრი აცხადებს, რომ 2018 წელს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი დასახელებულია ერთ-ერთ საუკეთესო მუნიციპალიტეტად გენდერული თანასწორობის საკითხების მიმართულებით და ამის პარალელურად, ის დღემდე, აქტიურად ითხოვს გენდერული თანასწორობის გეგმის დამტკიცებას.

“2018 წელს, ჩემი ინიციატივით, შეიქმნა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო. ახალი მოწვევის საკრებულოში, მთავარი, რასაც ვითხოვდი იყო საბჭოს დროული ფორმირება. დღემდე, საბჭოს არ გააჩნია გენდერული თანასწორობის გეგმა და ის ბიუჯეტი, რომელიც არის გამოყოფილი ლაგოდეხის საკრებულოს საერთო ბიუჯეტიდან, 35 000 ლარი, არის სრულად აუთვისებელი. ჩემი ინიციატივაა, რომ სასწრაფოდ გაიწეროს გეგმა, რომ 2023 წლის ბიუჯეტში მაინც შევძლოთ ამ თანხის ათვისება. გენდერული პოლიტიკის მიმართულებით რამდენიმე ინიციატივა მაქვს: უშვილობის პრობლემების მქონე ქალების მედიკამენტების თანადაფინანსება, ძალადობის მსხვერპლი ქალების ბინის ქირით უზრუნველყოფა, სკრინინგის პროგრამის დანერგვა, ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და სხვა”,- ამბობს სალომე ღონღაძე.

ოპოზიციონერი დეპუტატი აცხადებს, რომ მოქალაქეებთან კომუნიკაციას კვლავ აქტიურად გააგრძელებს.

,,მე აქტიურად გავაგრძელებ მოსახლეობასთან და ახალგაზრდებთან კომუნიკაციას. უფრო მეტიც, ვფიქრობ, რომ რამდენიმე გზა უნდა იყოს ცალმხრივი. ამ პრობლემების და საკითხების დაყენებას საკრებულოს სხდომაზე იქამდე გავაგრძელებ, სანამ არ შესრულდება. ვფიქრობ, რომ ვარ აქტიური ოპოზიციონერი, წარმოვადგენ ფრაქციას ,,უკეთესი მომავლისაკენ”, ასევე ვარ გახარიას პარტიის ,,საქართველოსთვის” სიის პირველი ნომერი.
ეს საკრებულო ვეღარ იქნება მოდუნებული, როგორც წინა წლებში და მე მათ არ მივცემ შესაძლევლობას, რომ მხოლოდ ხელის ასაწევად დაესწრონ საკრებულოს სხდომებს. ვითხოვ მათგან სიღრმისეულად შეისწავლონ ყველა ის საკითხი, რომელსაც ისინი მხარს უჭერენ. გარდა ამისა, აღმასრულებელ ხელისუფლებას ვურჩევ, საკითხების განხილვამდე რამდენიმე საათით ადრე შეეშვან. საკითხები ჩვენ უნდა გვქონდეს მინიმუნ 1 კვირით ადრე”,-
განაცხადა სალომე ღონღაძემ.