კახეთის რომელ მუნიციპალიტეტშია შადრევნები და რამდენად უსაფრთხოა ის მოქალაქეებისთვის
მუნიციპალიტეტებში შადრევნებსა და სკვერებში, საჯარო ღია და დახურულ აუზებზე კონტროლი გამკაცრდა.
knews.ge დაინტერესდა, რეგიონის 8 მუნიციპალიტეტიდან სად ფუნქციონირებს შადრევანი, რა მდგომარეობაშია და როგორ არის დაცული უსაფრთხოების წესები. როგორც მუნიციპალიტეტების მერიების უმეტესობაში აცხადებენ, მათთან შადრევნები არ ფუნქციონირებს, არსებული შადრევნები კი უფუნქციოდაა დარჩენილი.
თელავის მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სოფელშია სკვერი, სადაც დაცულია უსაფრთხოების ნორმები.
,,მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აუზი და შადრევნები არ არის. სკვერებში კი დაცულია უსაფრთხოების ნორმები”,– განუცხადეს Knews.ge-ს თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში.
თელავისგან განსხვავებით შადრევანი აქვთ გურჯაანის მუნიციპალიტეტში, თუმცა უფუნქციოდ არის დარჩენილი.
,,ქალაქში ერთი შადრევანია, რომელიც წლებია უფუნქციოდ არის დარჩენილი. არც წყალი მიეწოდება და არც დენი. მხოლოდ დეკორაციად დგა.
რაც შეეხება აუზებს, ქალაქში ერთი ასეთი აუზია, რომელიც სპორტკომპლექსის ტერიტორიაზეა განთავსებული და იქ დაცულია ყველა ნორმა. აუზზე ბავშვი არ დაიშვება მშობლის გარეშე და ადგილზე ყავთ ტრენერები და ინსტრუქტორები, რომლებიც ყოველდღე მუშაობენ”,– აცხადებენ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში.
ორი შადრევანი ფუნქციონირებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. არსებული ინფორმაციით, თბილისში, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, ლაგოდეხში, ცენტრალურ ქუჩაზე მდებარე შადრევნიდან სადენები აიღეს. მომცრო შადრევანში, რომელიც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობასთანაა და ყოველდღიურად იქ ბავშვებიი და ახალგაზრდები იკრიბებიან, საიზოლაციო ლენტებით გადაბმული სადენებია დარჩენილი.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში Knews.ge-ს განუცხადეს, რომ ორივე შადრევანზე, პერიოდულად სრულდება სხვადასხვა სახის გეგმიური სამუშაოები, სუფთავდება ავზები და მოწმდება უსაფრთხოების ზომები.
,,მუნიციპალიტეტში შადრევნები განთავსებულია, ქალაქის ცენტრალურ და ჯიმი მაისურაძის სახელობის სკვერში. ამ ეტაპზე ჯიმი მაისურაძის სახელობის სკვერში მიმდინარეობს შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რის გამოც მისი ფუნქციონირება შეჩერებულია, ხოლო ქალაქის ცენტრალურ სკვერში არსებული შადრევნები სრული დატვირთვით მუშაობს. ორივე ლოკაციაზე პერმანენტურად სრულდება სხვადასხვა სახის გეგმიური სამუშაოები, სუფთავდება ავზები და მოწმდება უსაფრთხოების ზომები. ნოემბრიდან ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მოქმედი ყველა შადრევანი, ზამთრის სეზონთან დაკავშირებით, გამოირთვება და ჩაირთვება საგაზაფხულოდ. შადრევნის მოვლა-პატრონობას ა.ი.პ. „- სერვის ცენტრი“უზრუნველყოფს”,- განუცხადეს Knews.ge-ს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში.
შადრევანი ფუნქციონირებს სიღნაღის მუნიციპალიტეტშიც, თუმცა ჩვენი არაერთი მცდელობის მიუხედავად, რამდენად უსაფრთხოა ის მოქალაქეებისთვის, როგორ მუშაობს, როგორ არის დაცული უსაფრთხოების ნორმები და რამდენად ხშირად მოწმდება, ამაზე პასუხი ვერ მივიღეთ. სხვა მუნიციპალიტეტების მსგავსად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში შადრევანი არ აქვთ, თუმცა ფუნქციონირებს აუზები.
,,საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შარევანი არ ფუნქციონირებს. რაც შეეხება საჯარო აუზებს, ერთი ღია და ერთი დახურული აუზი ფუნქციონირებს, სადაც დაცულია უსაფრთხოების ნორმები, წყალი თბება დახურული მილებით, მასში დენი არ გადის. თითოეულ აუზს ჰყავს ორი მაშველი, რომლებიც სისტემატურად მუშაობენ”,- აცხადებენ უწყებაში.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტისგან განსხვავებით, ყვარლის მუნიციპალიტეტში შადრევანი არ აქვთ. ასევე არ ფუნქციონირებს აუზები. როგორც Knews.ge-ს მერიაში განუცხადეს, აუზები ძირითადად სასტუმროების ან აგროტურისტული დაწესებულებების მფლობელობაშია, რომლის უსაფრთხოებასაც თავად მფლობელები უზრუნველყოფენ.
ახმეტის მუნიციპალიტეტში კი knews.ge-ს განუცხადეს, რომ ქალაქში არის ერთი შადრევანი, რომელიც მცირე ზომისაა და არ ფუნქციონირებს. რაც შეეხება დახურულ აუზებს არ აქვთ.
როგორც Knews.ge-ს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არის ერთი შადრევანი, რომლის რებილიტაციაც დასრულდა, თუმცა დარჩენილია რიგი საკითხები, რომლის შესრულებასაც გარკვეული დრო სჭირდება.
,,განახლებული რეგიონების პროექტის ფარგლებში, ხორციელდება სხვადასხვა სახის სამუშაოები, მათ შორის ხდება ძველი შადრევანის რეაბილიტაცია. ამ ეტაპზე ძირითადი სამუშაოები დასრულებულია. პირველ ეტაპზე შადრევანი სატესტო რეჟიმში ჩაირთო,თუმცა ჯერ არ ჩაბარებულა. სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს.”

