სალმონელა, ბრუცელოზი, დარღვევები სასმელ წყალთან მიმართებით – რა შეუსაბამობები აღმოაჩინა წელს კვების პროდუქტებში სეს-მა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2022 წლის მეორე კვარტალში განხორციელებული კონტროლის შედეგები გამოაქვეყნა.
უწყების ცნობით, მონაცემები ეხება: კვების ობიექტების, საბავშვო ბაღების, მაღაზიების, პესტიციდების, აგროქიმიკატების, ვეტპრეპარატებისა და ვეტერინარული ობიექტების შემოწმების შედეგებს რეგიონების მიხედვით.
რაც შეეხება კვების სექტორს, როგორც გამოქვეყნებული შედეგებიდან ჩანს, მონიტორინგის შედეგად შემოწმდა ალკოჰოლური სასმელები, ხორცპროდუქტები, მათ შორის ქათამი, რძის პროდუქტები და ა.შ.
რძის 5 საწარმოდან, რომელიც შემოწმდა, დარღვევა არცერთში არ დაფიქსირდა. ასევე გაყინულ ქათმის ხორცში შემოწმდა წყლის შემცველობა და როგორც მონიტორინგის შედეგებში წერია, 23 შემოწმებული პროდუქტიდან არცერთში წყლის ზედმეტი მოცულობა არ აღმოჩნდა. შემოწმებულია ასევე პროდუქტები სალმონელას შემცველობაზე. როგორც მონიტორინგის შედეგებში აღნიშნულია, შემოწმებული შედეგებით დადგინდა, რომ შპს „ქართული გემოს“ მიერ წარმოებული კატლეტი შეიცავდა სალმონელას, რის გამოც საწარმო დაჯარიმდა და წარმოების უფლება ჩამოერთვა.
დარღვევებია აღმოჩენილი სასმელ წყალთან მიმართებით. კერძოდ, სეს-ის მონიტორინგის შედეგებით, დარღვევები გამოვლინდა შემდეგ ადგილებში: მარნეულის წყლის სათავო ნაგებობა, “შპს მარნეულის სოფწყალი, შაუმიანის წყალსადენის სათავე ნაგებობა, არაგვისპირის საბავშვო ბაღი, ქარელში სოფელ აბანოს ცენტრი, რაჭაში სოფელი ბუგეული, ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ცხმორი, შეუბანი, ბოყვა, ღარი და ა.შ.
აქვე უნდა აღინიშნოს შედეგები, რაც რძის პროდუქტებში ბრუცელოზის შემცველობას შეეხება. კერძოდ, სეს-ის კვლევის თანახმად, შემოწმებული 81 საწარმოდან დარღვევა აღმოჩენილია 10-ში. ყველა მათგანს საქმიანობა დროებით შეუჩერდა.