რვა თვეში ADB აეროპორტების სტრატეგიის დოკუმენტს წარადგენს
მარიამ ქვრივიშვილის ეკონომიკის მინისტრის მოადგილის განცხადებით, აზიის განვითარების ბანკის [ADB] მიერ შერჩეული კომპანია საქართველოს აეროპორტების განვითარების სტრატეგიას დაახლოებით რვა თვეში მოამზადებს.
როგორც მან BMG-ს უთხრა, უკვე ამ დოკუმენტის საფუძველზე მთავრობა ქვეყნის სამივე საერთაშორისო და ადგილობრივი აეროპორტების განვითარების გეგმას მოამზადებს.
“აზიის განვითარების ბანკი ფაქტობრივად ბოლო ეტაპზეა გასული, რათა გამოავლინოს ყველაზე სწორი კონსულტანტი. ველოდებით, რომ უახლოეს პერიოდში ჩვენთვისაც ცნობილი გახდება გამარჯვებულის ვინაობა. ამის შემდეგ მომდევნო რვა თვის განმავლობაში ეს დოკუმენტი შემუშავდება. ეს მოგვცემს ყველაზე მნიშვნელოვან ინფორმაციას რა ფორმითა და კონცეფციით უნდა მოხდეს საქართველოს აეროპორტების განვითარება. ჩვენი დიდი სურვილი იყო, რომ აქცენტი მხოლოდ საერთაშორისო აეროპორტებზე არ გაკეთებულიყო. აქედან გამომდინარე, ამ დოკუმენტის ნაწილი შიდა აეროპორტების განვითარებასაც შეეხება და საშუალებას მოგვცემს უკვე აეროპორტების განვითარების გეგმა შევიმუშაოთ”, – აცხადებს ქვრივიშვილი.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის აპრილში ADB-მ საქართველოს მასშტაბით არსებული აეროპორტების განვითარების სტრატეგიის შექმნაზე საკონსულტაციო კომპანიის შერჩევა დაიწყო. დოკუმენტის შექმნაში საფინანსო ინსტიტუტი 225 ათას დოლარს იხდის.