ახალი ამბები

ბრიუსელში გამართულ სემინარში ლაგოდეხის საკრებულოს წევრმა, სალომე ღონღაძემ მიიღო მონაწილეობა

ქართულმა დელეგაციამ CEMR-ის მასშტაბურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ეგიდით, ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოში (CEMR) წარდგენილ დელეგატთა შორის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი სალომე ღონღაძე იმყოფებოდა.

26-27 სექტემბერს, ბრიუსელში გამართული სემინარი, აღნიშნული საბჭოს მიერ გასატარებელ ღონისძიებებზე მსჯელობას დაეთმო, რომლებიც 2023-2024 წლის სამოქმედო გეგმაში აისახება.

შეხვედრა რამდენიმე სესიად დაიყო, სადაც მონაწილეები, აუდიტორიის წინაშე, საკუთარ ქვეყნებში და მათ მუნიციპალიტეტებში არსებული მიღწევებისა და გამოწვევების საკითხებზე მოხსენებებით წარდგნენ.
​
ორდღიან სამუშაო შეხვედრაზე მონაწილეებმა მუნიციპალიტეტებში არსებულ საჭიროებებსა და მათი გადაჭრის გზებზე, კერძოდ, ევროინტეგრაციის მიმართულებით რეკომენდაციების აღსრულებაზე და აღნიშნულ პროცესში CEMR-ის ჩართულობის როლზე, ასევე, მუნიციპალიტეტების გაძლიერების პროცესში LAG-ების როლზე, მწვანე შეთანხმებასა და გენდერული თანასწორობის შესახებ, ევროპული ქარტიის აღსრულების შესახებაზეც იმსჯელეს.