ლევან დავითაშვილი- თელავის აეროპორტიდან ბათუმის, მესტიისა და თუშეთის მიმართულებით ფრენების განხორციელების შესაძლებლობა განიხილება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, თელავის აეროპორტიდან ბათუმის, მესტიისა და თუშეთის მიმართულებით ფრენების განხორციელების შესაძლებლობა განიხილება.
შესაბამისი განცხადება დავითაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას დეპუტატების შესაბამისი კითხვის საპასუხოდ გააკეთა.
„თელავის აეროპორტს ჰყავს კერძო მფლობელი, თუმცა მას აქვს საინვესტიციო პირობები. აეროპორტის მფლობელებთან გვაქვს მჭიდრო კომუნიკაცია, რათა გაუმჯობესდეს აეროპორტის ინფრასტრუქტურა და აეროპორტმა შეძლოს მეტი ფრენის შესრულება. მოვიაზრებთ, რომ თელავის აეროპორტი შესაძლოა გამოყენებული იყოს შიდა ფრენებისთვის. ვფიქრობთ, განვიხილოთ თელავი-ბათუმის მიმართულება.
ასევე, თუ ფინანსური რესურსები საშუალებას მოგვცემს, შეიძლება სხვა მიმართულებაზეც ვიფიქროთ – შეიძლება ეს იყოს თელავი – მესტია, ასევე, შესაძლოა მომავალში იყოს თუშეთში ფრენები. სამინისტრო ინტენსიურად სწავლობს, რომ იქ, ადგილობრივად მოეწყოს მცირე აეროდრომი, რომელსაც გამოვიყენებთ ფრენებისთვის. თელავის აეროპორტთან გვაქვს საინტერესო გეგმები.
2023 წელს, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი გაუმჯობესება გვექნება. მათ შორის მგზავრთა უსაფრთხოების შემოწმების დანერგვის კუთხით. ამ საკითხს აეროპორტების გაერთიანება მფლობელთან ერთად გადის“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.