თელავში Airbus-ის ვერტმფრენების ოფიციალური წარმომადგენლობა გაიხსნება
საქართველოში, კერძოდ კი თელავში Airbus-ის ვერტმფრენების ოფიციალური წარმომადგენლობა გაიხსნება.
ეს იქნება რეგიონში პირველი წარმომადგნელობა. საკითხზე ქართულ მხარესა და Airbus-ს შორის მოლაპარაკებები უკვე აქტიურ ფაზაშია. ქართულ მხარეს ავიაკომპანია Geo Sky წარმოადგენს.
Geo Sky-ის ვიცე-პრეზიდენტი შალვა კიკნაძე „ბიზნესპარტნიორს“ უყვება, რომ საქართველოში უკვე დარეგისტრირდა Geo Sky Technics, რომელიც Geo Sky-ს შვილობილი კომპანიაა. მან წარმატებით გაიარა ევროპული სტანდარტის სერტიფიცირება და მიენიჭა უფლება, განახორციელოს სხვადასხვა ტიპის საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურეობა. ამ ეტაპზე, Geo Sky Technics-ს აქვს 2 ტიპის ბაზირება: ერთი – თბილისის აერიპორტში, მეორე – თელავში. სწორედ თელავში აშენდა ანგარი, რომელიც გათვლილია Airbus -ის ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურეობისთვის და ასევე, მათ სადგომად.
„ჩვენთან უკვე ჩამოსულები იყვნენ Airbus-ის წარმომადგენლები. ორჯერ გვქონდა შეხვედრა, გავიარეთ დეტალები. შეამოწმეს თელავის ანგარი, კმაყოფილები დარჩნენ, მოგვცეს რეკომენდაციები, ახლა მიმდინარეობს ამ რეკომენდაციების გათვალისწინება და დიდი ალბათობით, მომავალი წლის მარტისთვის, უკვე დასკვნითი ეტაპი გვექნება ამ სერტიფიცირების“, – განაცხადა შალვა კიკნაძემ.
მისივე ინფორმაციით, პირველი წელი დაეთმობა საქართველოსა და ჩვენი რეგიონის ქვეყნებში რეგისტრირებული Airbus-ის ტიპის ვერტმფრენების ტექნიკურ მომსახურებას, საუბარია მიმდინარე პერიოდულ მომსახურეობაზე, შემდგომ კი Geo Sky გეგმავს, Airbus-ის ვერტმფრენებზე კაპიტალური შეკეთების უფლება მოიპოვოს.
ცნობისთვის, Airbus -სთან მოლაპარაკებების ფარგლებში, Geo Sky-მ უკვე შეიძინა ერთი ვერტმფრენიც, რომელიც საქართველოში დეკემბრის ბოლოს ჩამოვა.
აღნიშნულ საკითხზე knews.ge უფრო ვრცელ ინფორმაციას უახლოეს დღეებში მოგაწვდით.