ახალი ამბები

NASA-ს ხომალდი ასტეროიდის მთვარეს შეეჯახა და მას ტრაექტორია შეუცვალა

მსოფლიო ისტორიული მოვლენის მომსწრე 27 სექტემბერს გახდა. NASA-ს კოსმოსური ხომალდი მიზანმიმართულად შეეჯახა ასტეროიდ დიდამოსის მთვარეს, სახელწოდებით დიმორფოსს და მას ტრაექტორია შეუცვალა.

აღნიშნული მოვლენა პლანეტარული თავდაცვის სისტემის განვითარების მიმართულებით გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია – პირველი წარმატებული გამოცდა იმ თეორიისა, რომ კოსმოსური ხომალდების დახმარებით დედამიწისკენ მომავალი პოტენციური საფრთხის თავიდან არიდებაა შესაძლებელი.

დიმორფოსის დიამეტრი 170 მეტრს აღწევს და მისი წონა 5 მილიარდი კილოგრამის ფარგლებშია, მართალია, ის დედამიწისგან 11 მილიონი კილომეტრის დაშორებით იმყოფება და პლანეტისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა ის NASA-ს ტექნოლოგიის გამოცდისთვის ყველაზე ხელსაყრელი სამიზნე იყო.

ტესტირების შედეგად დადასტურდა, რომ საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება რამდენიმე სპეციალური კოსმოსური ხომალდის შექმნა და მიზანმიმართული შეჯახების სტრატეგიით დედამიწისკენ მომავალი საფრთხის შემცველი კოსმოსური სხეულების ტრაექტორიის შეცვლა, რათა ის სრულად ასცდეს დედამიწას, ან გარდაუვალი შეჯახების შედეგად ზიანი მინიმუმამდე შემცირდეს.