სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა
სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა. 1993 წლის 27 სექტემბერს რუსეთის შეიარაღებული ძალების, ჩრდილოეთ კავკასიის კონფედერანტებისა და დაქირავებული „ბოევიკების” მეშვეობით, აფხაზმა სეპარატისტებმა აიღეს სოხუმი.
შეიარაღებული კონფლიქტი აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებამდე, 1992 წლის 23 ივლისს, აფხაზეთის ადგილობრივმა ხელისუფლებამ რეგიონის დამოუკიდებლობის შესახებ გამოაცხადა. ეს ნიშნავდა, რომ ავტონომიურმა რესპუბლიკამ უარი თქვა საქართველოს კონსტიტუციაზე. ამ გადაწყვეტილებამ ავტონომიურ რესპუბლიკასა და საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას შორის ვითარება უკიდურესად დაძაბა.
სახელმწიფო საბჭომ სოჭი-ინგირის რკინიგზის მონაკვეთის დასაცავად აფხაზეთში ეროვნული გვარდიის შეყვანა 11 აგვისტოს, ვლადისლავ არძინბასთან შეთანხმების შემდეგ გადაწყვიტა.
1992 წლის 14 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის და პოლიციის შენაერთები აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში რუსეთ-საქართველოს რკინიგზის სოჭი-ინგირის სარკინიგზო მონაკვეთის დასაცავად შევიდნენ, ვინაიდან გახშირებული ყაჩაღობის გამო საქართველო დიდ ზარალს განიცდიდა.
შეთანხმების მიუხედავად, აფხაზეთში შესვლიდან რამდენიმე საათში ქართულ ჯარს ვლადისლავ არძინბას განკარგულებით შექმნილმა ე.წ აფხაზურმა გვარდიამ საქართველოს ეროვნულ გვარდიას აფხაზეთის ტერიტორიაზე გადაადგილებისას ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებში და სოხუმში წინააღმდეგობა გაუწია, რასაც აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყება მოჰყვა.
სეპარატისტებს მხარს რუსეთი უჭერდა. ამის შემდეგ საქართველოს ეროვნული გვარდია სოხუმისკენ დაიძრა. 14 აგვისტოს დაწყებული დაპირისპირება მალევე გადაიზარდა ომში, რომელიც 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა. 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. სოხუმის დაცემას წინ რუსეთის მონაწილეობით მხარეებს შორის მოლაპარაკებები უძღოდა. 27 ივლისს სოჭის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, რომელიც აფხაზურმა მხარემ ცალმხრივად დაარღვია.
1993 წლის 1-20 აგვისტო: ქართულმა მხარემ მთლიანად შეასრულა შეთანხმება: მდინარე გუმისთის მონაკვეთზე დატოვა მხოლოდ ორი სამეთვალყურეო პუნქტი, დაიწყო ბატალიონების დაშლა, ფოთის მიმართულებით გაიყვანა მძიმე ტექნიკა.
1993 წლის 16 სექტემბერს რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა დაარღვიეს სოჭის შეთანხმება და რუსეთის სამხედრო ნაწილების დახმარებით დაიწყეს მასობრივი შტურმი პრაქტიკულად განიარაღებულ სოხუმზე. იერიში ძირითადად ხორციელდებოდა სოხუმის მშვიდობიან მოსახლეობაზე.
1993 წლის 27 სექტემბერს რუსეთის შეიარაღებული ძალების, ჩრდილო კავკასიის კონფედერანტებისა და დაქირავებული „ბოევიკების” მეშვეობით, აფხაზმა სეპარატისტებმა აიღეს სოხუმი.
1993 წლის 30 სექტემბერს რუსეთის სამხედრო რესურსებისა და დაქირავებული რაზმების ხელშეწყობით სეპარატისტებმა მოახდინეს აფხაზეთის მთელი ტერიტორიის ოკუპაცია. დაიღუპა და დაიკარგა ასობით ადამიანი. დევნილად იქცა 300 ათასზე მეტი.