მაისიდან აგვისტომდე, ტექინსპექტირების გაუვლელობისთვის 220 433 ჯარიმა გამოიწერა
მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, მაისიდან აგვისტომდე პერიოდში, ტექინსპექტირების გაუვლელობისთვის 220 433 ჯარიმა გამოიწერა. აქედან ტექინსპექტირების გაუვლელობის ყველაზე მეტი – 76 407 შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა.
დედაქალაქის შემდეგ ტექნიკური დათვალიერების გაუვლელობისთვის ყველაზე მეტი 30786 ჯარიმა ქვემო ქართლში დაიწერა. 22 308 ჯარიმა გამოწერეს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, 19 993 – იმერეთში, 10 908 შემთხვევა გამოვლინდა კახეთში, 18 111 – მცხეთა-მთიანეთში. სამცხე-ჯავახეთში ტექინსპექტირების გაუვლელობისთვის 7 156 ჯარიმა დაიწერა, 5687 -გურიაში, 13 392 – სამეგრელოში, 15 685 – სამეგრელო-ზემო სვანეთში.
ინფორმაციისთვის, 2022 წლის მესამე კვარტლიდან ტექინსპექტირების გაუვლელობაზე გადასახდელი ჯარიმები სამჯერ და, ზოგ შემთხვევებში, მეტჯერ გაიზრდება. პარლამენტში უკვე მზადაა კანონპროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმების ოდენობის გაზრდას იმ ავტომფლობელებისთვის, ვინც სავალდებულო ტექინსპექტირების გაუვლელად გადაადგილდება.
დღეისათვის, ტექინსპექტირების გაუვლელობის შემთხვევაში, კანონით განსაზღვრული ჯარიმა 50 ლარია, რომელიც ინსპექტირების ვადის გადაცილებიდან 1 თვეში დაეკისრება ავტომობილის მფლობელს. ჯარიმის დაკისრება ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც ე.წ. ჭკვიანი საგზაო კამერა აფიქსირებს ასეთ შემთხვევას. ყოველ მომდევნო შემთხვევაზე, განმეორებითი ჯარიმა კვლავ 50 ლარია.
კანონის ცვლილების შემდეგ, პირველადი ჯარიმა კვლავ 50 ლარი დარჩება, თუმცა, თუ ავტომფლობელი დაჯარიმებიდან 1 თვის განმავლობაში ისევ არ გაივლის ტექინსპექტირებას, მეორე ჯარიმა უკვე სამჯერ მეტი, 150 ლარი იქნება. მესამედ დაჯარიმების შემთხვევაში მას 300 ლარის და მეოთხე და ყოველ მომდევნო შემთხვევაზე 900 ლარის გადახდა მოუწევს.
იურიდიული პირებისთვის ჯარიმები კიდევ უფრო მეტად იზრდება – ორგანიზაციის კუთვნილი ტრანსპორტი ტექინსპექტირების გაუვლელობის გამო პირველ ჯერზე 200 ლარით დაჯარიმდება. ყოველ მომდევნო შემთხვევაში კი ჯარიმები 300 ლარით, 500 ლარით და 1500 ლარით განისაზღვრება.
კანონპროექტი საგაზაფხულო სესიაზე იქნება ინიცირებული და ცვლილებების კენჭისყრა საშემოდგომო სესიაზეა დაგეგმილი, რაც ნიშნავს რომ შემოდგომიდან ტექისპექტირება გაუვლელ ავტომფლობელებს უკვე სამჯერ და მეტჯერ გაზრდილი ჯარიმების გადახდა მოუწევთ.