მოსახლეობის 37% დღევანდელი დღით ცხოვრობს და უმრავლესობის აზრით ფული იმისთვისაა, რომ დაიხარჯოს – სებ
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგია გამოაქვეყნა, სადაც საუბარი საქართველოს მოსახლეობის ფინანსური განათლების დონის შესახებაა.
აღნიშნულ კვლევაში წერია, რომ მოსახლეობის 79%-ის აზრით, ფული იმისთვისაა, რომ დაიხარჯოს. ამასთან მოსახლეობის 37% დღევანდელი დღით ცხოვრობს და ხვალინდელ დღეზე ნაკლებად ფიქრობს.
“ფინანსური დამოკიდებულებების მხრივ, მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ ფული იმისთვისაა, რომ დაიხარჯოს (79%), ბევრი მათგანი კი სრულად ან ნაწილობრივ იზიარებს მოსაზრებას, რომ ფულის გრძელვადიანი მიზნებისთვის შენახვასთან შედარებით მეტ კმაყოფილებას ფულის ხარჯვა ანიჭებს (56%), ხოლო, 37% მხოლოდ დღევანდელი დღით ცხოვრობს და ხვალინდელ დღეზე ნაკლებად ფიქრობს”, – წერია კვლევაში.
ამასთან, სებ-ი წერს, რომ მოსახლეობის უმრავლესობას კარგად ესმის ისეთი საკითხები, როგორიცაა: ფულის ღირებულება დროში, სესხზე გადასახდელი პროცენტი, ინფლაცია და სხვა.
“ცოდნის მხრივ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას კარგად ესმის ისეთი საკითხები, როგორიცაა: ფულის ღირებულება დროში (76%), სესხზე გადასახდელი პროცენტი (89%), რისკი და უკუგება (79%), ინფლაცია (87%). საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარს გააზრებული აქვს რისკის დივერსიფიცირება (54%), თუმცა, უმრავლესობისთვის რთული აღმოჩნდა მარტივი პროცენტის გამოთვლა (44%) და რთული პროცენტის არსის ახსნა (43%), ხოლო, ორივე ტიპის პროცენტი სწორად მოსახლეობის მხოლოდ 24%-ს ესმის. რაც შეეხება ფინანსურ ცოდნაში თვითშეფასებას, საქართველოს მოსახლეობა მეტ-ნაკლებად დარწმუნებულია საკუთარ ფინანსურ ცოდნაში: ნახევარზე მეტი ფიქრობს, რომ მათ აქვთ საშუალო ფინანსური ცოდნა (65%), 21% მიიჩევს, რომ მათი ცოდნის მაჩვენებელი მაღალია, და მხოლოდ 12% აფასებს დაბალ დონეზე საკუთარ ცოდნას”, – ნათქვაია კვლევაში