ახალი ამბები

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტის მომზადებაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ

ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის მომზადებასა და კიევისთვის იარაღის მიწოდების გაზრდაზე შეთანხმდნენ,- ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა ხაზი გაუსვა, რომ პუტინის განცხადებამ, რომელიც მოიცავდა ნაბიჯებს უკრაინის ტერიტორიის ანექსიისკენ და რუსეთის დასაცავად ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარას, პანიკა და სასოწარკვეთა აჩვენა.

„აშკარაა, რომ პუტინი ცდილობს უკრაინის განადგურებას“, – განუცხადა ბორელმა ჟურნალისტებს საგარეო მინისტრების შეხვედრის შემდეგ.

მისი თქმით, მინისტრები შეთანხმდნენ, მოამზადონ სანქციების მერვე პაკეტი, რომელიც მიმართული იქნება „რუსეთის ეკონომიკის უფრო რელევანტური სექტორების და იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე აგრესიულ ომზე პასუხისმგებლები არიან“.

ევროკავშირის მინისტრები მომავალ ოფიციალურ შეხვედრას ოქტომბრის შუა რიცხვებში გამართავენ, როდესაც სანქციების პაკეტის ფორმალიზება მოხდება.