წინანდალში დაყენებული ღვინო დიდი ბრიტანეთის ბაზარზე გაიყიდება
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში წარმოებული, „ღვინის ქურდების“ ბრენდის ღვინო მალე შესაძლოა დიდი ბრიტანეთის ბაზარზე გაიყიდოს.
კომპანია „ღვინის ქურდების“ თანადამფუნებელი გივი აფაქიძე ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებები ამ დროისთვის თითქმის დასრულებულია და მიმდინარეობს ტექნიკური საკითხების მოგვარება.
მისი თქმით, „ღვინის ქურდები“ ითანამშრომლებს დიდი ბრიტანეთის ბაზარზე მოქმედ ერთ-ერთ სადისტრიბუციო კომპანიასთან. რაც შეეხება სხვა საექსპორტო ქვეყნებს, „ღვინის ქურდები“ უკვე გადის საფრანგეთსა და ნორვეგიაში.
კომპანია ამ ეტაპზე რამდენიმე დასახელების ღვინოს აწარმოებს: ცოლიკაური, რქაწითელი, რაჭული თეთრა და საფერავი. „ღვინის ქურდების“ თანადამფუძნებლის ინფორმაციით, კომპანია ღვინის ნაწილს საკუთარი ვენახებიდან მიღებული ყურძნისგან, ნაწილს კი ადგილობრივი ფერმერებისგან მიღებული ყურძნით აწარმოებს. როგორც ბიზნესმენი აცხადებს, ამჟამად კომპანია ქვეყნის მასშტაბით 4-5 ფერმერთან თანამშრომლობს.
ღვინის კომპანია „ღვინის ქურდები“ 2015 წელს წინანდალში დაფუძნდა. დაფუძნებიდან პირველი ორი წელი კომპანიის საქმიანობის კონცეფცია მოიცავდა მევენახე გლეხების მოძიებას მთელი ქვეყნის მასშტაბით და მათ გადაყვანას ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებაზე, ასევე კომპანია მათ ეხმარებოდა ღვინის ბრენდირებასა და სარეალიზაციო ქსელში პროდუქციის გატანაში.

