სამრეწველო პროდუქციის წარმოება ერთ წელში 11%-ით გაძვირდა – საქსტატი
საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის აგვისტოში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წლიურად 11%-ით გაიზარდა.
ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსის ზრდამ კი 11.9% შეადგინა. ფასების ყველაზე მაღალი ზრდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქციაზე დაფიქსირდა. 2022 წლის აგვისტოში ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების წლიური ცვლილება ასეთია:
სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება – ფასების წლიური ზრდა 21.2%;
დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია – ზრდა 14.2%;
წყალმომარაგების, კანალიზაციის, ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით მომსახურების ჯგუფი – ზრდა 0.3 %;
ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფი – ზრდა 1.8%.
ამასთან, საქსტატის მონაცემებით, დროებითი განთავსების საშუალებებით და საკვების უზრუნველყოფით მომსახურებაზე მწარმოებელთა ფასების ჯამური ინდექსი, წლიურად 12.4%-ით გაიზარდა. საკვების და სასმელების მიწოდებით მომსახურების ფასები გაიზარდა 15.9%-ით, ხოლო დროებითი განთავსების საშუალებებით მომსახურების ფასები – 11.7%-ით.
მწარმოებელთა ფასების ინდექსი სატრანსპორტო და სასაწყობო მომსახურებაზე წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 3.5%-ით გაიზარდა. ფასების ზრდა დაფიქსირდა სახმელეთო ტრანსპორტის მომსახურებისა და მილსადენებით ტრანსპორტირების მომსახურების ჯგუფზე (1.7%), ასევე საჰაერო ტრანსპორტის მომსახურებაზე (1.4%). აღსანიშნავია, რომ ფასები შემცირდა წყლის ტრანსპორტის მომსახურებაზე (3.5%) და დასაწყობებასა და დამხმარე სატრანსპორტო მომსახურებაზე (7%).
სატელეკომუნიკაციო მომსახურების მწარმოებელთა ფასების ჯამური ინდექსი წლიურად 1.6%-ით შემცირდა. თანამგზავრული კავშირგაბმულობის მომსახურებაზე ფასები გაიზარდა 16.7%-ით, ხოლო სადენიან სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე ფასები შემცირდა 3.1%-ით.
აღსანიშნავია, რომ გაზრდილია როგორც ექსპორტის, ისე იმპორტის ფასების ინდექსი. აგვისტოში წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ექსპორტის ფასების ინდექსის ზრდამ 5.8%, იმპორტის კი – 1.8% შეადგინა.

