ახალი ამბები

კახეთის მაგისტრალის 35 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა 2024 წელს დასრულდება

„კახეთის ოთხზოლიანი მაგისტრალის მშენებლობა მნიშვნელოვანი პროექტია, როგორც უშუალოდ რეგიონისთვის, ასევე ქვეყნისთვის. ამჟამად 35 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც სრულად სახელმწიფო ბიუჯეტის ფინანსდება. მომავალ წელს გაიხსნება პირველი, ხოლო 2024 წელს – 2 დარჩენილი მონაკვეთი და ყველაზე გამომწვევი თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთ ამითი უკვე დასრულებული იქნება. პარალელურად მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები საგარეჯო-ბადიაურის მონაკვეთზეც. მთლიანობაში კი, დაგეგმილია 85 კმ-იანი მაგისტრალის აშენება,“-ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.

მინისტრის თქმით, საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების კუთხით, მნიშვნელოვანი ეფექტი აქვს შარშან გახსნილ გურჯაანის შემოვლით გზას, რომელმაც გადაადგილების დროც გაანახევრა. ამჟამად მიმდინარეობს, ასეთივე მნიშვნელობის ბაკურციხე-წნორის საგზაო მონაკვეთის მშენებლობა.

„სამინისტროს ბიუჯეტი ყოველწლიურად მზარდია და წლევანდელი ბიუჯეტიც რეკორდული – 2 მილიარდ 900 მილიონი ლარია, რომელიც, პირველი 6 თვის მონაცემებით, უკვე 111%-ით, ანუ 11%-იანი გადაჭარბებით გვაქვს შესრულებული. შესაბამისად, ნამდვილად გავქვს იმის მოლოდინი, რომ როგორც რესურსების, ასევე, სამინისტროს მზაობის პირობებში, დაახლოებით 2-3 წელიწადში კახეთის მაგისტრალის ყველა მონაკვეთზე სამუშაოები დაიწყება,“-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული „ხედვა 2030-ის“ ფარგლებში, 32 მილიარდი ლარის ინვესტირებაა დაგეგმილი ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებაში, საიდანაც 17 მილიარდი სწორედ საგზაო ინფრასტრუქტურას მოხმარდება. კახეთის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის კი, დაახლოებით 2 მილიარდი ლარია გათვალისწინებული.