როგორ მიმდინარეობს რთველი 2022 და სად შეუძლიათ მევენახეებს ყურძნის ჩაბარება
კახეთში რთველი აქტიურ ფაზაში შედის. ყურძენი თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში აქტიურად იკრიფება. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, კახეთის რეგიონში 53 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული.
მთავრობის გადაწყვეტილებით, რთველის სუბსიდირება წელსაც მოხდება. 1კგ თეთრი ყურძნის ღირებულება, სულ მცირე, 90 თეთრი იქნება. მთავრობის წევრების თქმით, არცერთი კგ ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება. მათივე განცხადებით, მოსავლის დაბინავება შეფერხების გარეშე მიმდინარეობს და მევენახეებს ყურძნის რეალიზაციის პრობლემები არ შექმნიათ. მევენახეები კი არსებულ პრობლემებზე საუბრობენ. მათი თქმით, ყურძნის გასაყიდი ფასი დაბალია. გარდა ამისა, ისინი ასევე თვლიან, რომ რქაწითელთან ერთად საფერავის ჯიშის ყურძნის სუბსიდირებაც უნდა მომხდარიყო, რადგან ვენახის მოვლისთვის დახარჯულ თანხას ვერ ინაზღაურებენ.
,,ყურძნის ფასი არასდროს არ იზრდება მარა მისი მოყვანა ყოველ წელს უფრო ძვირი ჯდება. ჯერ მარტო შხამ ქიმიკატები და კიდევ უამრავი რამ ჭირდება მის მოყვანას. საფერავმა რა დააშავა სუბსიადია რომ არ აქვს. რაც დახარჯა გლეხმა იმასაც ვერ აიღებს. ყველამ იცის რა მოვლა უნდა ყურძენს, ასეთ დაბალ ფასად როგორ შეიძლება ჩაბარება? ტყემალი 2 ლარი და ლეღვი 5 ლარი ღირს და ყურძენი მაგაზე ნაკლები. დასცინიან ხალს”,- აცხადებენ Knews.ge-სთან საუბრისას კახელი მევენახეები.
მათი თქმით, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ქარხნები დაგვიანებით გაიხსნა, რაც გლეხებს მოწეული მოსავლის ჩაბარების პრობლემას უქმნის.
,,ყურძენი უკვე მოწეული იყო, მზისგან დამწვარი და ქარხნები დაგვიანებით გაიხსნა. ამის გამო წონაც მოაკლდა ყურძენს. ყოველთვის ამ პრობლემის წინაშე ვართ”,- განაცხადა ადგილობრივმა მევენახემ გენადი ღვინიაშვილმა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, კახეთში ყურძნის დღიური გადამუშავება 8-10 ათასი ტონის ფარგლებშია. ღვინის კომპანიები კი ყურძენს ხარისხის მიხედვით აფასებენ. რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსმა, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ განაცხადა, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მევენახეებმა ყურძნის დროულად ჩაბარება შეძლონ.
,,რქაწითელის ჯიშის ხარისხიან ყურძენზე ფასმა 1.10 ლარსაც მიაღწია. გადამუშავებული 23 ათასი ტონა რქაწითელიდან 5,3 ათას ტონამდე ამ ჯიშის ყურძენში ღვინის კომპანიებმა 95 თეთრიდან 1.10 ლარამდე გადაიხადეს. ხოლო გადამუშავებული 23 ათას ტონამდე საფერავიდან 15 ათას ტონაში კერძო კომპანიების მიერ გადახდილია 1.55 ლარიდან 1.75 ლარამდე“ –განაცხადა ლევან მეხუზლამ.
მისივე ინფორმაციით, ღვინის საწარმოებს ყურძენი 4200-მა მევენახემ ჩააბარა და მათი საერთო შემოსავალი 47 მილიონ ლარს აღწევს.
სად შეუძლიათ მევენახეებს ყურძნის ჩაბარება?
რთველი აქტიურ ფაზაშია გურჯაანის, ყვარლის, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში, კახეთის რეგიონის დანარჩენი მუნიციპალიტეტები ყურძნის მოსავლის დაბინავების პროცესში ეტაპობრივად, ყურძნის საჭირო კონდიციაში შესვლისთანავე ჩაერთვებიან.
„რთველის საკოორდინაციო შტაბში ამ დროისთვის დარეგისტრირებულია 300-ზე მეტი ღვინის კომპანია და მარანი, რომლებიც ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში ეტაპობრივად ჩაერთვებიან. 130-მდე კომპანიამ სხვადასხვა მოცულობის ყურძენი უკვე გადაამუშავა.საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წლის რთველის მხარდასაჭერად, სუბსიდირების პროგრამა განხორციელდება. პროგრამის მიზანია ყურძნის მოსავალი სრულად დაბინავდეს და მევენახეობა-მეღვინეობის დარგის სტაბილური განვითარების დინამიკა შენარჩუნდეს. სუბსიდირების პროგრამის მხარდაჭერით, მოსავლის რეალიზაციას 25 ათასამდე მევენახე ფერმერი შეძლებს,“ – აცხადებს რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსი, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, სულ რთველში მონაწილეობას იღებს 1078 ღვინის მარანი, კერძო მეღვინეობა და ქარხანა. აქედან კახეთის რეგიონში მოქმედი 150 -ია, სადაც მევენახეებს ყურძნის ჩაბარება შეუძლიათ.
რა თანხები დაიხარჯა რთველის სუბსიდირებაზე 2012 წლიდან დღემდე
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობამ წელს რთველის სუბსიდირებისთვის 150 მლნ ლარი გამოყო. სუბსიდიას მიიღებენ ის კომპანიები, რომლებიც შეისყიდიან და გადაამუშავებენ კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითლის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს და 1 კგ ყურძნის სანაცვლოდ, ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდიან არანაკლებ 0.90 ლარს. 2022 არაა პირველი წელი, როდესაც მთავრობამ რთველი დაასუბსიდირა, თუმცა ამ მოცულობის თანხა ბიუჯეტიდან ამისთვის აქამდე არასდროს არ გამოყოფილა. სუბსიდირების პოლიტიკა საქართველოში 2008 წლიდან, რუსული ემბარგოს პერიოდში იწყება, თუმცა ამ პერიოდში გამოყოფილი თანხა შედარებით მცირე იყო. წლების მიხედვით გამოყოფილი ფინანსები შემდეგნაირად გამოიყურება: 2012 – 47 მლნ; 2013 – 32 მლნ; 2014 – 31 მლნ; 2015 – 60.7 მლნ; 2016 – 36 მლნ.
2017 წელს მთავრობამ მიდგომა შეცვალა და რთველმა მასიური სუბსიდირების გარეშე ჩაიარა. მიზეზად კი ექსპორტისა და შესაბამისად, მოთხოვნის ზრდა დასახელდა. კახეთის რეგიონში რთველზე ხარისხიან, კონდიცირებულ ყურძენზე სუბსიდია აღარ გაიცა. მიუხედავად ამისა, ამ წელს კომპანიებმა, რომლებმაც საბრენდე სპირტისა და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის წარმოების მიზნით რქაწითელი და კახური მწვანის ჯიშის 1 კგ ყურძენი არანაკლებ 70 თეთრად შეისყიდეს, სახელმწიფოსგან კომპენსაციის სახით 35 თეთრი მიიღეს.
თუმცა არაპირდაპირი სუბსიდირება მაინც გაგრძელდა – მოსავლის მისაღებად და გადასამუშავებლად საჭირო ღონისძიებების გატარება სახელმწიფო კომპანია „აკურას“ დაევალა, კომპანიას მოუწია ბაზარზე კერძო კომპანიების შესყიდვების შემდეგ დარჩენილი ყურძნის შესყიდვაც.
2019 წელსაც მთავრობამ სექტორი „აკურას“ გავლით დაასუბსიდირა და 80 მილიონი ლარი დახარჯა ფერმერებისგან ყურძნის შესყიდვაზე. 2020 წელს, პანდემიის შედეგად გამოწვეული ეკონომიკური სიძნელეების შემსუბუქების მიზნით, მთავრობამ სუბსიდირება განაახლა. 2017-2022 წლების სუბსიდირების სტატისტიკა შემდეგნაირია: 2017 – 13.6 მლნ; 2018 – 10 მლნ (არაპირდაპირი სუბსიდირება); 2019 – 80 მლნ (არაპირდაპირი სუბსიდირება); 2020 – 104.3 მლნ; 2021 – 144.7 მლნ; 2022 – 150 მლნ.