რა მდგომარეობაშია იორმუღანლოს ხიდი და როგორია ექსპერტიზის დასკვნა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, იორმუღანლოს თემთან დამაკავშირებელი ერთადერთი ხიდი ავარიულია.
სოფელ იორმუღანლოში მცხოვრები მოსახლეობა იორმუღანლო-ბადიაურის დამაკავშირებელი ავარიული ხიდის რეაბილიტაციას უკვე წლებია ითხოვს. მათი თქმით, ხიდზე დიდი მანქანები გადადიან და ისინი უსაფრთხოდ წლებია ვერ გადაადგილდებიან.
სოფელ იორმუღანლოს მკვიდრი, თოზუ გულმამედლი აცხადებს, რომ ხიდის მდგომარეობის შესასწავლად ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზა ჩატარდა, დასკვნაში კი წერია, რომ ხიდი მძიმე და არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობაშია და აუცილებელია სასწრაფოდ სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება.
თოზუს განმარტებით, ხიდის რეაბილიტაციის მოთხოვნით საგარეჯოს მუნიცილიტეტის მერიას დაახლოებით სამი თვის წინ მიმართეს.
,,ვითხოვთ ხიდის რეაბილიტაციას, თუმცა არავინ გვისმენს. წლებია ხიდი ავარიულია და გადაადგილებაა საშიში. გვგონია, რომ მთვრობას მარტო საარჩევნოდ ვჭირდებით. სხვა დროს აქ არავინ მოდის და არ გვეკითხება რა გვაწუხებს”,- განუცხადა knews.ge-ს თოზუ გულმამედლიმ.
გარდა ამისა, მისივე განმარტებით, ხიდის რეაბილიტაციის მოთხოვნით სოფელში მოაგროვეს ხელმოწერებიც და არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” დახმარებით მერიას მიმართეს. მერიამ კი, სამხარაულის ექსპერტიზას სთხოვა, დაედგინა ხიდზე არსებული მდგომარეობა და ის თუ რა სამუშაოების ჩატარებაა საჭირო.
,,საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში მისასვლელ გზაზე, მდინარე იორზე არსებული გადასასვლელი საავტომობილო ხიდი მძიმე საექსპლოატაციო და არადამაკმაყოფილებელ ტექნიკურ მდგომარეობაშია. თ გადაუდებლად არავითარი სარეაბილიტაციო ღონისძიებები არ იქნება მიღებული, მისი ტექნიკური მდგომარეობა გაუარესდება და ნაგებობა აღმოჩნება ავარიულ მდგომარეობაში, რისი დაშვებაც არ შეიძლება. ამიტომ სახიდე გადასასვლელი მოითხოვს აღდგენა-გაძლიერებას შესაბამისი პროექტით კვლევით ნაწილში მოცემული რეკომენდაციების მიხედვით”,- წერია დასკვნაში.
დასკვნაში ასევე დეტალურად არის გადმოცემული რა პრობლემები აქვს და მიმართულებით საჭიროებს სამუშაოების ჩატარებას ხიდი უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის. როდის დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები ამ დროისთვის უცნობია. აღნიშნულ საკითზე Knews.ge მერიის პოზიციას და დამატებით ინფორმაციას უახლოეს პერიოდში შემოგთავაზებთ.