ახალი ამბები

მთავრობამ რთველი 2022-ის სუბსიდირებისთვის 150 მლნ ლარი გამოყო

საქართველოს მთავრობამ რთველი 2022-ის სუბსიდირებისთვის 150 მლნ ლარი გამოყო.

მთავრობის გადაწყვეტილებით, სუბსიდიას მიიღებს ღვინის კომპანია, რომელიც, 2022 წლის რთველის განმავლობაში, შეისყიდის და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს და შესყიდული 1 კგ ყურძნის სანაცვლოდ, ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის არანაკლებ 0,90 ლარს. ღვინის კომპანიებზე სუბსიდია გაიცემა 1 კგ რქაწითელისა და კახური მწვანისთვის – 0,35 ლარი. მოსავლის დაბინავებაში, წელს, 300-მდე ღვინის საწარმო იქნება ჩართული.

დღეს თელავში რთველი 2022-ის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 24 აგვისტოდან თელავში, 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს რთველის საკოორდინაციო შტაბი და კოორდინაციას გაუწევს რთველის ორგანიზებულად ჩატარებას, ჩასაბარებელი ყურძნის აღრიცხვიანობისა და მიკვლევადობის უზრუნველყოფის სამუშაოებს. ყურძნის აღრიცხვა ერთიან ელექტრონულ სისტემაში მოხდება.

„ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარებაა. წლების განმავლობაში, ჩვენ თანმიმდევრულ პოლიტიკას ვახორციელებთ და წარმატების შედეგებიც სახეზე გვაქვს. წარმოება და ექსპორტი მზარდია და ეს დინამიკა უნდა შევინარჩუნოთ. წელს ველოდებით 300 ათასამდე ტონა ყურძნის ინდუსტრიულ გადამუშავებას. სახელმწიფომ ყველა წინაპირობა შექმნა, რომ რთველი იყოს წარმატებული და მოსავალი სრულად და ორგანიზებულად დაბინავდეს. დარგის განვითარების დადებითი დინამიკის შენარჩუნების მიზნით, მთავრობის მიერ მიღებულია რთველის სუბსიდირების გადაწყვეტილება”,- აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.

მან ღვინის ხარისხის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქარხნებში უნდა ჩაბარდეს კონდიციური, ხარისხიანი ყურძენი. სწორედ ხარისხიანი ყურძენი განსაზღვრავს ღვინის ხარისხს და შემდგომ მის კონკურენტუნარიანობას, რაც, საბოლოოდ, ფასზე და ექსპორტის მაჩვენებლებზე ისახება. მინისტრმა ქართული ღვინის პოპულარიზაციის კამპანიაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მომავალ წლებში მეტი რესურსი დაიხარჯება, რათა რეალიზაციის კუთხით უკეთესი შედეგი იქნეს მიღებული.