სოფელ ოზაანში არტიშოკის და იტალიური ჯიშის სალათის ფურცლის წარმოება დაიწყება
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანში მდებარე კოოპერატივი „რკ ოზაანი“ არტიშოკისა და იტალიური ჯიშის სალათის ფოთლის ჩიკორის წარმოებას გეგმავს.
Bm.ge-სთან „რკ ოზაანის“ დამფუძნებელი ჯაბა გოგოლაშვილი აღნიშნავს, რომ არტიშოკის მოყვანას ნახევარ ჰექტარზე დაიწყებენ და იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტი მომხმარებელმა კარგად მიიღო, გაფართოებასაც განიხილავენ.
„გვინდა არტიშოკის წარმოება დავიწყოთ, ერთხელ 1000 კვადრატზე ვცადეთ, კარგი შედეგიც მივიღეთ, დაახლოებით 300-400 კილოგრამი, თუმცა არა სარეალიზაციოდ. არტიშოკს ნახევარ ჰექტარზე მოვიყვანთ, დავაკვირდებით მომხარებელს და მოთხოვნის შესაბამისად გავფართოვდებით.
ეს პროდუქტი საქართველოში ბევრმა არ იცის რა არის, დიდ ფართობს საწყისად სწორედ ამიტომ არ ვეჭიდებით. ევროპაში ძალიან პოპულარულია და ბევრი მომხმარებელიც ჰყავს. გარდა არტიშოკისა, გეგმაში იტალიური სალათის ფოთლის ჩიკორის წარმოებაც გვაქვს“, – ამბობს ის.
ცნობისთვის: „რკ ოზაანი“ ამ ეტაპისთვის სოფელ ოზაანში 6 ჰექტარზე სატაცურის მოყვანით არის დაკავებული.