ახალი ამბები

9,600 ლარზე მაღალი ხელფასის მქონე მოქალაქეების რაოდენობა 28.6%-ით გაიზარდა – PMC

PMC კვლევითი ცენტრის მონაცემებით, 2022 წლის ივლისში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ხელფასის სახით 9,600 ლარზე მეტს იღებდნენ, წლიურად 28.6%-ით გაიზარდა.

2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კი ზრდა 62.3%-ია. ივლისში 9,600 ლარზე მაღალი ხელფასი მთლიანი დასაქმებულების 1.6%-ს ჰქონდა.

გასულ თვეში, დასაქმებულთა 21%-ის ხელფასი 600 ლარამდე იყო, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2020 წლის ივლისთან შედარებით, 8.3 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.

რაც შეეხება მოქალაქეებს, რომლებიც ხელფასის სახით 2,400 ლარზე მეტს იღებდნენ, ივლისში მათმა რაოდენობამ 21.8% შეადგინა. მაჩვენებელი 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4.5 პროცენტული პუნქტით, 2020 წლის ივლისთან შედარებით კი, 7.6 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი.

გასულ თვეში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ხელფასს იღებდნენ, 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 1%-ით, ხოლო 2020 წლის ივლისთან შედარებით, 4.5%-ით გაიზარდა.

2022 წლის მეორე კვარტლის შრომის ბაზრის ინდიკატორები ასე გამოიყურება:

სამუშაო ძალა – 1 მლნ 551 ათასი ადამიანი;
დასაქმებული – 1 მლნ 270 ათასი ადამიანი;
დაქირავებით დასაქმებული – 868 ათასი ადამიანი;
თვითდასაქმებული – 501 ათასი ადამიანი;
უმუშევარი – 282 ათასი ადამიანი;
სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე – 51.5%;
დასაქმების დონე – 42.2%;
უმუშევრობის დონე – 18.1%.
PMC-ის მიხედვით, 2022 წლის თებერვლიდან ივლისის ჩათვლით, jobs.ge-ზე 38,048 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 38%-ით, ხოლო 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 155%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

2022 წლის თებერვალი-ივლისის პერიოდში 11,179 ვაკანსია გამოქვეყნდა გაყიდვები/შესყიდვების კატეგორიაში, 7,905 ვაკანსია – ადმინისტრაცია/მენეჯმენტის კატეგორიაში, 12,990 ვაკანსია კი – ტექნიკურ/ლოგისტიკურ კატეგორიაში.