გუდაურის ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა თითოეულ ოჯახს სახელმწიფო 100 000 ლარს გამოუყოფს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გუდაურის ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა თითოეულ ოჯახს სახელმწიფო 100 000 ლარს გამოუყოფს.
ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რა დროსაც სამძიმარი გამოუცხადა ოჯახებსა და შს სამინისტროს.
,,გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო ჩვენ ამ ქვეყნის ღირსეული შვილები დავკარგეთ. ამ მფრინავებს კარგად ვიცნობდი. მინდა, მივუსამძიმრო მათ ოჯახებს სამინისტროს ხელმძღვანელობას. ეს დიდი ტრაგედიაა.
სახელმწიფო მაქსიმალურად დაუდგება გვერდში გარდაცვლილი ადამიანების ოჯახებს და თითოეულ ოჯახს 100 000 ლარს გამოუყოფს. ასევე გამონაკლისის სახით ჯანდაცვის სამინისტრო, ასევე, ექიმებისთვის გამონაკლისის სახით 100 000 ლარს გამოუყოფს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენისას ჩამოვარდნილი ორი პირის სამაშველო ოპერაციაში მონაწილე სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. დაიღუპა ვერტმფრენის ბორტზე მყოფი 8-ვე პირი, რომელთა შორის ეკიპაჟის 4 წევრი, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 მედიკოსია. ამასთან გარდაცვლილია უცხოელი პარაპლანისტიც. პარაპლანზე მყოფი საქართველოს მოქალაქე კი, რომელიც დაშავდა, კლინიკაში გადაიყვანეს.
ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდნენ: მაშველები – კახა ტორჩინავა, გიორგი მარგიანი; მფრინავები – ანდრო ქუჯოშვილი, ლევან ჩოხელი, ზაზა ლორია, დიმიტრი ქააძე; სასწრაფოს დახმარების ექიმები – ქეთი გულაგაშვილი, გიორგი ვენეცკი. ქეთი გულაკაშვილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბეთიდან არის და ბოლო პერიოდში ის თბილისში ცხოვრობდა.